Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელი აცხადებს, რომ „ჰამასმა“ კიდევ ორი მძევალი გადასცა


ისრაელის სამხედროებმა ხუთშაბათს განაცხადეს, რომ საერთაშორისო წითელ ჯვარს გადაეცა კიდევ ორი ისრაელის მოქალაქე, რომლებიც „ჰამასის“ ბოევიკებს მძევლად ჰყავდათ აყვანილი. ოქტომბერში მძევლად აყვანილ კიდევ რამდენიმე ისრაელელს პალესტინური დაჯგუფება, რომელიც აღიარებულია როგორც ტერორისტული შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირში, - უახლოეს საათებში გადასცემს ჰუმანიტარული ორგანიზაციის თანამშრომლებს,- ნათქვამია ისრაელის თავდაცვის სამინისტროს ტელეგრამის არხში.

ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეტანიაჰუს ოფისის ინფორმაციით, ხუთშაბათს პირველი გაათავისუფლეს 21 წლის მია შემი, რომელსაც ასევე აქვს საფრანგეთის მოქალაქეობა და 40 წლის ამიტ სუსანა. ისინი უკვე ისრაელის ტერიტორიაზე, ჰაცერიმის ბაზისკენ მიმავალ გზაზე იმყოფებიან.

ღაზის სექტორში საომარი მოქმედებების დროებითი შეჩერების შესახებ ისრაელთან მიღწეულის გარიგების პირობების თანახმად, ოთხშაბათს საღამოს „ჰამასმა“ გაათავისუფლა 16 მძევალი, მათ შორის ორი რუსი და ოთხი ტაილანდის მოქალაქე. ამის საპასუხოდ ისრაელმა ციხეებიდან კიდევ 30 პალესტინელი პატიმარი – ქალები და არასრულწლოვანები გაათავისუფლა.

დღეს ცნობილი გახდა, რომ კიდევ ერთი დღით გაგრძელდა ისრაელსა და პალესტინელთა რადიკალურ მოძრაობა „ჰამასს“ შორის დროებითი ჰუმანიტარული ზავი, რომელიც ითვალისწინებს საბრძოლო მოქმედებების შეჩერებას და ამ დროით სარგებლობას ღაზის სექტორში მყოფი, ისრაელიდან გატაცებული ქალების და ბავშვების გასათავისუფლებლად. ასევე - ისრაელის საპატიმროებიდან პალესტინელი ქალების და მოზარდების გათავისუფლებას.

ისრაელსა და „ჰამასს“ შორის 4-დღიანი ზავი 24 ნოემბერს, ადგილობრივი დროით 07:00 საათიდან ამოქმედდა და ვადის ამოწურვის შემდეგ გაგრძელდა კიდევ ორი დღით, 30 ნოემბრის 07:00 საათამდე.

6 დღის განმავლობაში „ჰამასმა“ გაათავისუფლა 97 მძევალი და ისრაელის საპატიმროები დატოვა 210-მა პალესტინელმა. დროებითი ზავის ამოქმედებამდე ისრაელი აცხადებდა, რომ ღაზის სექტორში 240-მდე მძევალია.

ისრაელმა „ჰამასს“ ომი გამოუცხადა მას შემდეგ, რაც 7 ოქტომბერს რადიკალურმა მოძრაობამ ისრაელის ქალაქებზე მასირებული სარაკეტო შეტევა მიიტანა, მისი შეიარაღებული ჯგუფები კი ისრაელის სამხრეთში მდებარე დასახლებებში შეიჭრნენ და ასეულობით ადამიანი დახოცეს და ათეულობით გაიტაცეს.

XS
SM
MD
LG