Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იოშკა ფიშერის თქმით, ევროპას ბირთვული იარაღი ესაჭიროება


გერმანიის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი იოშკა ფიშერი. ბერლინი, 18 დეკემბერი, 2008.
გერმანიის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი იოშკა ფიშერი. ბერლინი, 18 დეკემბერი, 2008.

გერმანიის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა იოშკა ფიშერმა Die Zeit-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ აუცილებელია, ევროპამ გაზარდოს თავდაცვითი პოტენციალი, მათ შორის ბირთვული იარაღის სფეროში. მისი აზრით, მთავარი ძალა, რომელსაც აღუდგება წინ ევროკავშირი მომავალში, არის რუსეთი.

„სანამ მეზობლად გვყავს რუსეთი, რომელიც [რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ] პუტინის იმპერიულ იდეოლოგიას მისდევს, უარს ვერ ვიტყვით ამ რუსეთის შეკავებაზე“, - თქვა ფიშერმა.

ექს-მინისტრი წინააღმდეგია იმისა, რომ ბირთვული იარაღი გაიჩინოს სწორედ გერმანიამ. მისი თქმით, ბირთვული პოტენციალი მთლიანად ევროპამ უნდა გაზარდოს. ამ მომენტში ევროპის რეგიონში ბირთვული იარაღი მოეპოვებათ საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთს, აზუსტებს Die Zeit-ი.

ფიშერი ეკუთვნის „მწვანეთა“ პარტიას, რომელიც 1980-იან წლებში აქტიურად უჭერდა მხარს ბირთვულ განიარაღებას. ჟურნალისტების შეკითხვას, როგორ შეესაბამება მისი პოზიცია პარტიისას, პოლიტიკოსმა უპასუხა: „მსოფლიო შეიცვალა. პუტინი ბირთვულ შანტაჟს ეწევა. იმედი მაქვს, რომ ევროპა და აშშ განაგრძობენ თანამშრომლობას. მაგრამ როგორ მოვიქცეთ, თუკი დონალდ ტრამპს კვლავ აირჩევენ? ამ სცენარის გათვალისწინებით ევროპამ სერიოზული შეკითხვა უნდა დაუსვას საკუთარ თავს“.

გარდა ამისა, ფიშერმა აღნიშნა, რომ აუცილებელია ჩვეულებრივი შეიარაღების განვითარებაც. „ეს არის გაკვეთილი, რომელსაც გვასწავლის უკრაინა. უკრაინას სასწრაფოდ ესაჭიროება საჰაერო თავდაცვა. და ჩვენც, ევროპაში, სასწრაფოდ გვესაჭიროება საჰაერო თავდაცვა. ეს ერთად უნდა გავაკეთოთ. ასევე აუცილებელია, გვქონდეს კიბერაგრესიისგან თავის დაცვის შესაძლებლობა“.

ფიშერი ევროკავშირის ამჟამინდელ პრობლემებს აფასებს „სამმაგ კრიზისად“. მის პირველ კომპონენტად ის მიიჩნევს გეოპოლიტიკურ კრიზისს, რომელიც დაკავშირებულია აშშ-ის მიერ ევროპული პრობლემების მიტოვებასთან და „ევროპის ძველი და ახალი ქვეყნების მცდელობასთან, ამოავსონ ეს ვაკუუმი“. მეორეა - ტექნოლოგიური საფრთხე, როცა პოლიტიკა და საზოგადოება ჩამორჩებიან თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებას, მაგალითად, ხელოვნური ინტელექტის სფეროში. მესამე - კლიმატური კრიზისი. ფიშერის აზრით, ეს სამი ფაქტორი უახლოეს მომავალში პრიორიტეტული უნდა გახდეს ევროკავშირის პოლიტიკაში.

იოშკა ფიშერი გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი და ვიცე-კანცლერი იყო 1998-2005 წლებში. მიეკუთვნება გერმანიის მემარცხენე პარტიას „მწვანეები/კავშირი 90“. ამ პარტიის წარმომადგენლებიდან გერმანიის დღევანდელ მთავრობაში არიან საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი და ეკონომიკის მინისტრი რობერტ ჰაბეკი.

XS
SM
MD
LG