Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოკუპირებულ გალის რაიონში IPRM-ის ფარგლებში შეხვედრის გასამართად სივრცეს ამზადებენ


საოკუპაციო-გამყოფი ხაზი ენგურის ხიდზე
საოკუპაციო-გამყოფი ხაზი ენგურის ხიდზე

კონსტანტინე ფილია, ოკუპირებული გალის ე.წ. ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, აცხადებს, რომ ამზადებენ სივრცეს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფარგლებში შეხვედრის გასამართად.

„ჩვენ ვამზადებთ ზონას, რომელიც მდებარეობს ენგურის ხიდის შემდეგ, ჩვენს საკონტროლო პუნქტთან მისვლამდე. პირველი პუნქტი, სადაც მხოლოდ შემოწმება მიმდინარეობს, მთელი საბაჟო სტრუქტურების გადმოკვეთამდე. ზევით მზადდება ზონა, იქ იქნება საკონფერენციო დარბაზი და გაიმართება შეხვედრები. ისე გამოვა, რომ აფხაზეთის ტერიტორიაა, მაგრამ ისინი ჩვენთან სრულად არ შემოვლენ. იქ შევეცდებით, რომ ამ ფორმატში პრეტენზიები მოვაგვაროთ... დავიწყოთ ნორმალური დიალოგი“, - განაცხადა ფილიამ.

დე ფაქტო ხელისუფლება აცხადებდა, რომ ქართული მხარე მოითხოვდა, მოლაპარაკების მონაწილეებს ენგურის ხიდი პირადობის მოწმობით გადაეკვეთათ, რასაც ე.წ. ხელისუფლებისგან წინააღმდეგობა მოჰყვა. მათი განცხადებით, აუცილებელი იყო პასპორტის გამოყენება.

აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ილაპარაკა მდინარე ენგურის მიმდებარედ ნეიტრალური ტერიტორიის მოძებნის და იქ კარვებში შეხვედრების გამართვის შესახებაც.

„ჩეგემსკაია პრავდასთან" ინტერვიუში კონსტანტინე ფილიამ ასევე განაცხადა: „ჩვენ მზად ვართ კეთილმეზობლობისთვის, მზად ვართ თანასწორი დიალოგისთვის“.

რაც შეეხება ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებს, ფილიამ თქვა: „დაე, ეს ჟენეველები აქ შემოვიდნენ, ჟენევა შორსაა და ყველას არ ესმის ყველაფერი. ... იქ, ჟენევაში, არაფერი გადაწყდება“.

ფილიამ დაამატა, რომ „საქართველოში არიან ძალები, რომლებსაც ესმით, რომ საჭიროა, ამ ფურცლის გადაშლა“. მისი სიტყვებით, საქართველოს მთავრობა „იძლევა სიგნალს იმის შესახებ, რომ მას არ სურს მეორე ფრონტის გახსნა, არ სურს იყოს რუსეთის წინააღმდეგი“, მაგრამ მანვე აღნიშნა „დასავლეთის მიერ ძალიან სერიოზულად დაფინანსებული“ ოპოზიციის შესახებ.

რადიო თავისუფლება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს დაუკავშირდა. შეხვედრების განახლების საკითხზე პასუხის მიღებისთანავე, მასალა განახლდება.

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გალში შეხვედრა 2018 წლიდან არ გამართულა.

ქართული მხარე აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებასთან დიალოგს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის ფარგლებში აწარმოებს.

საქართველოსა და რუსეთის გარდა, მოლაპარაკებებში მონაწილეობენ აშშ-ის წარმომადგენლები და თანათავმჯდომარეები ეუთო-ს, ევროკავშირის და გაერო-ს მხრიდან. დისკუსიებში ასევე ჩართულნი არიან სოხუმის და ცხინვალის დე ფაქტო წარმომადგენლები.

XS
SM
MD
LG