Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ღაზაში სამოქალაქო მოსახლეობის ტანჯვის გამო იზრდება ისრაელის არმიის მოქმედების მიმართ კრიტიკა


ღაზის სექტორი, რაფაჰი. 5 დეკემბერი, 2023 წელი
ღაზის სექტორი, რაფაჰი. 5 დეკემბერი, 2023 წელი

ჰუმანიტარული ორგანიზაციები ღაზის სექტორის სამხრეთში „საშინელებისა“ და „სამოქალაქო მოსახლეობის აუტანელი ტანჯვის“ შესახებ იტყობინებიან, ცნობას deutschlandfunk-ი ავრცელებს.

გაეროს ბავშვთა ორგანიზაციის, Unicef-ის წარმომადგენელმა ჯეიმს ელდერმა "ბიბისის" უთხრა, რომ ვერავინ იგრძნობს თავს უსაფრთხოდ, როცა ყოველ ათ წუთში ბომბები ცვივა. ჰუმანიტარული ორგანიზაციის, „ექიმები უსაზღვრებოდ“ მონაცემებით, სამხრეთში მოქმედი ორი საავადმყოფო პაციენტების მოზღვავებას ვერ აუდის.

ელდერის თანახმად, ღაზაში ერთმა ექიმმა უთხრა მას, რომ „უსაფრთხო ზონები ავადმყოფობის ზონებად გადაიქცევა“, რადგან ხალხს არ აქვს ტუალეტები და წვეთი წყალი.

ღაზის სექტორში ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ვითარება ყოველ საათში უარესდება. ამავე ინფორმაციით, რომელსაც deutschlandfunk-ი ავრცელებს, დაბომბვა გაძლიერდა ყველგან, მათ შორის ღაზის სექტორის სამხრეთში.

„ჰამასს,“ რომელიც აშშ-ში და ევროკავშირში ტერორისტულ ორგანიზაციად არის მიჩნეული, ისრაელი ბრალს სდებს თავდასხმების საცხოვრებელი უბნებიდან და საავადმყოფოებიდან განხორციელებასა და სამოქალაქო მოსახლეობის ფარად გამოყენებაში.

ისრაელმა „ჰამასს“ ომი გამოუცხადა მას შემდეგ, რაც 7 ოქტომბერს რადიკალურმა მოძრაობამ ისრაელის ქალაქებზე მასირებული სარაკეტო შეტევა მიიტანა, მისი შეიარაღებული ჯგუფები კი ისრაელის სამხრეთში მდებარე დასახლებებში შეიჭრნენ, ასეულობით ადამიანი დახოცეს და ათეულობით გაიტაცეს.

ისრაელის მონაცემებით, 7 ოქტომბრიდან ისრაელში დაღუპულია 1 200-ზე მეტი, გაიტაცეს 240 ადამიანი. "ჰამასის" კონტროლქვეშ მყოფი ჯანდაცვის უწყების თანახმად, ღაზის სექტორში ისრაელის არმიის სამხედრო ოპერაციის განმავლობაში დაიღუპა 15 800 ადამიანი, მათ შორის - 6 000 ბავშვი.

XS
SM
MD
LG