Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აფხაზეთიდან გადმოსვენებული 23 ადამიანის ნეშტი ოჯახებს გადაეცა


გადმოსვენებულ ცხედრებს ხვალ დაკრძალავენ.
გადმოსვენებულ ცხედრებს ხვალ დაკრძალავენ.

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ინფორმაციით, ოჯახებს გადაეცა 1992-1993 წლების აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტისას უგზო-უკვლოდ დაკარგული 23 პირის ამოცნობილი ნეშტი.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, სამოქალაქო პანაშვილი დღეს სამების საკათედრო ტაძარში გაიმართება, ცხედრებს ხვალ დაკრძალავენ.

ამოცნობილთაგან 21 არის მებრძოლის, 2 კი მშვიდობიანი მოქალაქის ნეშტი. 17 მებრძოლის ცხედრებს 7 დეკემბერს თბილისში, ძმათა სასაფლაოზე, დაკრძალავენ, სხვებს კი - საგვარეულო სასაფლაოზე.

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ინფორმაციით, 2023 წელს ოჯახებს გადაეცა აფხაზეთში სხვადასხვა ადგილას მიკვლეული, უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიჩნეული 55-ზე მეტი ადამიანის ნეშტი.

2010 წელს საკოორდინაციო მექანიზმის შექმნის შემდეგ, სულ მოძიებულია და ოჯახებს გადაეცა 273 ადამიანის ნეშტი. დღეისათვის ჯერაც დაკარგულად ითვლება 1870 სამხედრო და სამოქალაქო პირი.

აფხაზეთის ომი 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო და 13 თვეს და 13 დღეს გაგრძელდა. სხვადასხვა მონაცემით, შეიარაღებულ დაპირისპირებას ემსხვერპლა 10 000-დან 30 000-მდე ადამიანის სიცოცხლე, 300 ათასზე მეტი კი დევნილად იქცა.

აფხაზეთის რეგიონში საქართველოს სამთავრობო ძალების შესვლას წინ უძღოდა ადგილობრივი სეპარატისტების მიერ ე.წ. დამოუკიდებლობის გამოცხადება. აფხაზური ფორმირებების მხარდასაჭერად საბრძოლო მოქმედებებში ჩაერთო რუსეთის სამხედრო ძალები.

1993 წლის 27 სექტემბერს საქართველოს სამთავრობო ძალების სამხედროებმა, შტაბის სარდლობამ და სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარე ედუარდ შევარდნაძემ სოხუმი დატოვეს. სოხუმის დაცემამდე შეიარაღებული კონფლიქტის მონაწილე მხარეებმა მიაღწიეს სამშვიდობო შეთანხმებას, რომლის დარღვევაშიც საქართველომ რუსეთი დაადანაშაულა.

სოხუმის დაცემიდან 15 წლის შემდეგ, 2008 წლის 26 აგვისტოს, რუსეთმა აფხაზეთი „დამოუკიდებელ რესპუბლიკად“ აღიარა. ამას წინ უძღოდა ცხინვალის რეგიონიდან (სამხრეთი ოსეთი) დაწყებული რუსეთ-საქართველოს ომი. მოსკოვმა ე.წ. დამოუკიდებელ რესპუბლიკად ცნო „სამხრეთი ოსეთიც".

XS
SM
MD
LG