Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფინეთი კვლავ გახსნის საკონტროლო-გამშვებ პუნქტებს რუსეთის საზღვარზე


რუსეთ-ფინეთის საზღვარი ჩრდილოეთ ფინეთში. 27 ნოემბერი, 2023.
რუსეთ-ფინეთის საზღვარი ჩრდილოეთ ფინეთში. 27 ნოემბერი, 2023.

ფინეთი 14 დეკემბერს კვლავ გახსნის საკონტროლო-გამშვებ პუნქტებს რუსეთის საზღვარზე. შეზღუდვები, რომლებიც თავშესაფრის მაძიებელთა დიდი რაოდენობის გამო შემოიღეს, გაუქმდება. ამის შესახებ გამოცემა Yle წერს სამხრეთ-აღმოსავლეთ ფინეთის სასაზღვრო დაცვის მეთაურზე, ჰეიკი აჰტიაინენზე დაყრდნობით.

მისი სიტყვებით, საზღვარზე ბარიერების დემონტაჟს რამდენიმე საათი დასჭირდება, რის შემდეგაც ტრანსპორტის მოძრაობა პრაქტიკულად დაუყოვნებლივ განახლდება. ამასთან, დააზუსტა აჰტიაინენმა, მესაზღვრეები დატოვებენ რამდენიმე ბარიერს იმ შემთხვევისთვის, თუკი კვლავ საჭირო გახდება საკონტროლო-გამშვები პუნქტის ჩაკეტვა.

ფინეთის ხელისუფლება აპირებს, რუსეთთან საზღვარზე „ვითარება შეაფასოს“ გამშვები პუნქტების გახსნის შემდეგ. თუკი თავშესაფრის მაძიებელთა ტალღა კვლავ გაძლიერდება, აღმოსავლეთ საზღვრებზე შეზღუდვებს გააგრძელებენ.

ნოემბრის განმავლობაში რუსეთ-ფინეთის საზღვარზე ყველა საკონტროლო-გამშვები პუნქტი დაკეტილი იყო.

2023 წლის დამდეგს ფინეთმა ბარიერების მშენებლობა დაიწყო რუსეთის საზღვარზე, ვინაიდან შიშობდა, რომ რუსეთის მხარეს შეეძლო მესამე ქვეყნების მიგრანტებისთვის შეეწყო ხელი საზღვრის გადაკვეთაში. მიგრანტებთან დაკავშირებით ანალოგიური კრიზისი უკვე მოხდა 2021 წელს, როცა აფრიკიდან და ახლო აღმოსავლეთიდან ჩასული ათასობით მიგრანტი ცდილობდა ბელარუსიდან პოლონეთში და შემდეგ ევროკავშირის სხვა ქვეყნებში მოხვედრას.

XS
SM
MD
LG