Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში "ევროპული მარში" გაიმართა


თბილისში, ევროპის მოედანზე მასშტაბური დროშის გაშლით დასრულდა "ევროპული მარში", რომლის მონაწილეებმაც საქართველოს და ევროკავშირის დროშებით გაიარეს გზა რესპუბლიკის მოედნიდან მეტეხის ხიდამდე. ამ მსვლელობის მიზანი იყო ევროკავშირის ლიდერებისთვის ქართველი ხალხის ხმის გაგონება 15 დეკემბრამდე - ამ დღეს ევროპულმა საბჭომ უნდა გადაწყვიტოს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი.

მსვლელობას, რომელიც სამოქალაქო სექტორის ორგანიზებით გაიმართა, შეუერთდა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილიც.

"მოლოდინი მაქვს, რომ ყველაფერი კარგად იქნება, მით უმეტეს, როცა ამდენი ხალხი მოდის და ამდენმა ხალხმა მიაწვდინა ხმა ევროპას. ევროპა არის ის სივრცე, სადაც ადამიანებს აქვთ უდიდესი მნიშვნელობა, მათ თავისუფალ აზრს. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს თავისუფალი აზრი იქნება გათვალისწინებული, ჩვენ შევძლებთ 15 დეკემბრის შემდეგ კიდევ ერთხელ ზეიმს. შემდეგ მომზადებას შემდეგი წლისთვის, რომელიც არანაკლებ მნიშვნელოვანი იქნება.

ევროკომისიამ უკვე თავისი აზრი თქვა. ახლა ველოდებით ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას. მათგან ველოდები, რომ გაითვალისწინებენ ერთ მხრივ მიღებულ რეკომენდაციებს და ასევე ადამიანების აზრს, რომელიც აქ არის გამოხატული, ამ დონეზე", - უთხრა სალომე ზურაბიშვილმა მედიას. ის ხელისუფლების ერთადერთი წარმომადგენელი იყო, რომელმაც მონაწილეობა მიიღო მარშში.

სალომე ზურაბიშვილთან ერთად მეტეხის ხიდთან გამოჩნდა ტრანსპარანტიც წარწერით "ევროკავშირში პოლიტიკური პატიმრები არ არიან", - ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებმა მას ამ ფორმით შეახსენეს, რომ მის ხელშია პატიმრის შეწყალების ბერკეტი.

"ევროპულ მარშზე" მოქალაქეები სკანდირებდნენ - "ჩვენი ხმა ევროპას".

ევროპის მოედანზე კი დროშის გაშლისას ისმოდა საქართველოსა და ევროკავშირის ჰიმნები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG