Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სახალხო დამცველი ეხმაურება ოკუპირებულ გალში თემურ კარბაიას სიცოცხლის ხელყოფის სავარაუდო ფაქტს


არქივის ფოტო: ოკუპირებული გალი. 2022 წელი
არქივის ფოტო: ოკუპირებული გალი. 2022 წელი

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ეხმაურება რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები თემურ კარბაიას სიცოცხლის ხელყოფის სავარაუდო ფაქტს.

ლევან იოსელიანის განცხადებით, 10 დეკემბერს, როდესაც მსოფლიოში ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება, კიდევ ერთხელ გავრცელდა ინფორმაცია ოკუპირებული ძალების მხრიდან საქართველოს მოქალაქის სიცოცხლის ხელყოფის სავარაუდო ფაქტის შესახებ.

„ოკუპირებული გალის რაიონში საქართველოს მოქალაქეს, თემურ კარბაიას, საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. მილიციის თანამშრომლებმა, სავარაუდოდ, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და სცემეს, რის შედეგადაც საქართველოს მოქალაქე საავადმყოფოში გადაყვანისთანავე გარდაიცვალა. საქართველოს მოქალაქის სიცოცხლის უფლების სავარაუდო დარღვევაზე პასუხისმგებლობა რუსეთის ფედერაციას ეკისრება, რადგან სწორედ ეს უკანასკნელი ახორციელებს ოკუპირებულ ტერიტორიაზე კონტროლს“.

სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, ასევე ადამიანის უფლებათა დამცველ საერთაშორისო და სადამკვირვებლო მორგანიზაციებს, მაქსიმალური ძალისხმევა გამოიჩინონ ზემოაღნიშნულ ფაქტზე ეფექტიანი გამოძიების, დამნაშავეების დასჯისა და რუსეთის ფედერაციისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების უზრუნველსაყოფად:

„სამწუხაროა, რომ საოკუპაციო რეჟიმი დღემდე დაუსჯელს ტოვებს საქართველოს ოთხი მოქალაქის - დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიას, არჩილ ტატუნაშვილისა და ირაკლი კვარაცხელიას მკვლელობაზე პასუხისმგებელ პირებს. ასევე დღემდე გამოუძიებელია ერთი თვის წინ სოფელ კირბალის მიმდებარედ ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქის მკვლელობის ფაქტი. აღნიშნულის ფონზე საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მთლიანად საერთაშორისო საზოგადოების ჩართულობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სიცოცხლის უფლების სავარაუდო დარღვევების პრევენციისათვის, რადგან ამგვარი ქმედებების დაუსჯელობა საქართველოს მოქალაქეების სიცოცხლეს განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ აყენებს“.

ინფორმაცია ოკუპირებული გალის ე.წ. მილიციელების მიერ თემურ კარბაიას სასიკვდილოდ ცემის შესახებ თავდაპირველად 9 დეკემბერს, ღამით, გავრცელდა სოციალურ ქსელში. თემურ კარბაია გალის რაიონის სოფელ წარჩეს მკვიდრი იყო. მისი ჯახის წევრები ამბობენ, რომ 43 წლის კაცი ე.წ. სამართალდამცავებმა სასტიკად სცემეს და მიყენებული ტრავმებით იგი კლინიკაში გარდაიცვალა.

XS
SM
MD
LG