Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მთავრობის საკომუნიკაციო სტრატეგიის ერთ-ერთ პრიორიტეტად დეზინფორმაციის და ყალბი ახალი ამბების წინააღმდეგ ბრძოლა განისაზღვრა


საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი

11 დეკემბერს მთავრობის სხდომაზე 13 საკითხი განიხილეს, მათ შორის დაამტკიცეს განკარგულების პროექტი, „საქართველოს მთავრობის საკომუნიკაციო სტრატეგია 2024-2027 წლებისთვის".

როგორც მთავრობის ადმინისტრაცია აღნიშნავს, „კომუნიკაციის სტრატეგია ეფუძნება მთავრობის მიერ 2023 წელს დამტკიცებულ ეროვნული პოლიტიკის დოკუმენტს - „ხედვა 2030 საქართველოს განვითარების სტრატეგია" და სრულ თანხვედრაშია ქვეყნის განვითარების გრძელვადიან ხედვასთან, სტრატეგიულ პრიორიტეტებთან, მიზნებსა და ამოცანებთან".

პრესრელიზში ვკითხულობთ, რომ სტრატეგიის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება არის დეზინფორმაციის და ყალბი ახალი ამბების წინააღმდეგ ბრძოლა, დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით ძალისხმევის გაძლიერება და ამავე კუთხით სახელმწიფო უწყებების სტრატეგიული კომუნიკაციების დანაყოფების შესაძლებლობების განვითარება.

„დოკუმენტის შემუშავების პროცესში მონაწილეობა მიიღეს როგორც საქართველოს სამთავრობო უწყებების სტრატეგიული კომუნიკაციების დანაყოფების წარმომადგენლებმა, ასევე საერთაშორისო და ადგილობრივმა ექსპერტებმა, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს, NATO-სა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის სტრატეგიული კომუნიკაციების წარმომადგენლებმა.

სტრატეგიის მიზნებისთვის აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროგრამის („სტრატეგიული კომუნიკაციები უკეთესი მომავლისთვის") ფარგლებში ჩატარდა საქართველოს სამთავრობო უწყებების სტრატეგიული კომუნიკაციების სისტემური კვლევა, რომლის შედეგად გამოიკვეთა, ერთი მხრივ, ამ მიმართულებით არსებული გამოწვევები, ხოლო მეორე მხრივ, სტრატეგიული კომუნიკაციების განვითარების შესაძლებლობები", - ნათქვამია ოფიციალურ ცნობაში.

მთავრობის განკარგულება „საქართველოს მთავრობის საკომუნიკაციო სტრატეგია 2024-2027 წლებისთვის" ჯერჯერობით არ გამოქვეყნებულა.

8 ნოემბერს ევროკომისიამ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ გაცემულ დადებით რეკომენდაციასთან ერთად, საქართველოს მიერ გადასადგმელი ცხრა ნაბიჯი განსაზღვრა. ის აგრძელებს 2022 წლის ივნისში ევროკომისიის მიერ გაცემულ 12 რეკომენდაციას, ზოგიერთი კი სრულიად ახალია. ახალია დათქმა ევროკავშირისა და მისი ღირებულებების შესახებ დეზინფორმაციასთან და უცხოურ საინფორმაციო მანიპულაციებთან ბრძოლა.

ევროკავშირის „გაფართოების შესახებ საბჭოს დასკვნების“ პროექტს, 12 დეკემბერს ზოგად საქმეთა და საგარეო ურთიერთობების საბჭოზე ჯერ წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები განიხილავენ, 14-15 დეკემბერს კი საბოლოო გადაწყვეტილება (მათ შორის საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება) სახელმწიფოთა ლიდერებმა ევროპულ საბჭოში უნდა დაადასტურონ.

ევროპული საბჭოს დოკუმენტის პროექტი, რომელიც რადიო თავისუფლებამ ნახა, შედგენილია ევროკომისიის მიერ 8 ნოემბერს გაცემული რეკომენდაციების საფუძველზე.

პროექტის თანახმად, ევროპული საბჭო ხაზგასმით აღნიშნავს „დეზინფორმაციასთან, უცხო ქვეყნების საინფორმაციო მანიპულაციასთან და ევროკავშირის, მისი ფასეულობების წინააღმდეგ ჩარევასთან“ ბრძოლის მნიშვნელობას და მოუწოდებს საქართველოს, „გადადგას გააზრებული ნაბიჯები“ ამ მიმართულებით.

XS
SM
MD
LG