Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მთავრობის ადმინისტრაციის შენობის შესასვლელი რკინის ჯებირით შემოღობეს


მთავრობის ადმინისტრაციის შენობის შესასვლელს რკინის ღობე შემოარტყეს
მთავრობის ადმინისტრაციის შენობის შესასვლელს რკინის ღობე შემოარტყეს

მთავრობის ადმინისტრაციის შენობის წინა მხარე, საიდანაც მოქალაქეები შედიან, ახლა ჯებირით არის შემოღობილი. რკინის ღობის გაკეთება თბილისის ცენტრში მდებარე შენობის წინ გადაწყდა პარკის მოწყობის სამუშაოების ფარგლებში.

მთავრობის ადმინისტრაციის შენობის წინ რკინის ჯებირი წლების წინაც იყო. ის "ვარდების რევოლუციის" შემდეგ მოხსნეს პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიას გადაწყვეტილებით.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია თბილისის ცენტრში, თავისუფლების მოედნიდან რამდენიმე ათეულ მეტრში, ინგოროყვას ქუჩაზე მდებარე შენობაშია განთავსებული. ღია სივრცეში, რომელსაც მოქალაქეები საპროტესტო აქციების გასამართად იყენებდნენ, ხელოვნური კუნძულები ეწყობა და ხეები უნდა დარგონ. პარკსა და ეზოს წინა ნაწილს შორის კი ახლა აღმართულია დაახლოებით 2,5 მეტრის სიმაღლის რკინის ჯებირები, რომლებიც მყარადაა დამაგრებული ბეტონის საფარში.

რადიო თავისუფლების კითხვები მთავრობის პრესსამსახურმა ამ საკითხზეც უპასუხო დატოვა. პასუხის მიღების შემთხვევაში, მასალა განახლდება.

მთავრობამ ადმინისტრაციული შენობის წინ სამშენებლო სამუშაოები მოულოდნელად 8 თვის წინ, 2023 წლის 7 აპრილს, დაიწყო. ამ დრომდე უცნობია, რა თანხა იხარჯება ან როდის დასრულდება სამუშაოები.

მთავრობის ადმინისტრაციამ ასევე მოულოდნელად დაიწყო შენობის სახურავზე ერთსართულიანი ნაგებობის დაშენება. მანამდე ამ ადგილზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, წინა პრემიერების მსგავსად, არაერთხელ გამასპინძლებია მაღალი რანგის სტუმრებს.

XS
SM
MD
LG