Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხუნდაძე: "სასწრაფოდ გვჭირდება არასამთავრობოების ყოვლისმომცველი ფინანსური წინასწარი შემოწმება"


დიმიტრი ხუნდაძე, „ხალხის ძალის" და საპარლამენტო უმრავლესობის წევრი
დიმიტრი ხუნდაძე, „ხალხის ძალის" და საპარლამენტო უმრავლესობის წევრი

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საქართველოში „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის" ანალოგის შექმნის მოწოდებით გამოვიდა „ხალხის ძალის" და საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი ხუნდაძე. დეპუტატი აცხადებს, რომ სასწრაფოდაა საჭირო არასამთავრობო ორგანიზაციების ყოვლისმომცველი წინასწარი ფინანსური შემოწმება.

„ჩვენ მოწოდებით გამოვდივართ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების "უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის" ეკვივალენტი შეიქმნას. ყოველდღიურად არასამთავრობო ორგანიზაციები ახორციელებენ გამორჩეულ სამუშაოს როგორც ადგილობრივ, ასევე გლობალურ დონეზე. მიუხედავად ამისა, ისევე როგორც სხვა საჯარო საქმიანობაში, არსებობენ არაკეთილსინდისიერი ადამიანები, რომლებიც არასამთავრობო ორგანიზაციებს ფარად იყენებენ მოსყიდვის, არაგამჭვირვალე ლობირებისა და გარიგებაზე გავლენის მოხდენის მიზნით. საქმემ აჩვენა, რომ ჩვენ გვჭირდება კონტროლის გაძლიერება და ხარვეზების აღმოფხვრა. ჩვენ მხარს ვუჭერთ მკაფიო სტანდარტებს და გამჭვირვალე წესებს. ჩვენ არ გვსურს, ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია რამდენიმე ორგანიზაციის არასწორი ქმედების გამო დამნაშავედ გამოვიყვანოთ.

ჩვენ სასწრაფოდ გვჭირდება არასამთავრობო ორგანიზაციების ყოვლისმომცველი ფინანსური წინასწარი შემოწმება, სანამ მათ არ შეიყვანენ გამჭვირვალობის რეესტრში; საჭიროა, რომ პოლიტიკოსები და ლობისტები მესამე ქვეყნებიდან დარეგისტრირდნენ; ჩვენ უნდა დავადგინო წესები, რომლებიც გაართულებს არაგამჭვირვალე არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან ინსტიტუტების მოტყუებასა და აღადგენს ხალხის ნდობას; საჭიროა, შეიქმნას "უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის" ანალოგი", - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

„ხალხის ძალის" წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ საჭიროა საქართველოში შეიქმნას „ფარას", "აშშ-ის უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის", ევროპული ეკვივალენტი.

„აღარ გავაგრძელებ, მაგრამ მინდა გკითხოთ, არ მოგეწონათ? ტყუილად არ შეშინდეთ! ტყუილად არ შეკრიბოთ კანონის წაუკითხავად გაპროტესტებისთვის რუსთაველზე ხალხი და ნურც იმით დაკავდებით, რომ „მოლოტოვის კოქტეილები“ დაამზადოთ და დაურიგოთ ახალგაზრდებს. ეს არ არის „ხალხის ძალის“ მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემობრუნება თავიდან, ეს არის ევროპარლამენტში ყველაზე დიდი პარტიის, EPP-ის ინიციატივა და მოკლე განმარტებითი მოწოდების ტექსტი "აშშ-ის უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის", „ფარას“, ევროპული ეკვივალენტის შექმნის შესახებ.

ეს პრაქტიკულად ამერიკულ-ქართულ-ევროპულ-რუსული კანონი, მხოლოდ ერთი გამონაკლისით, ის რუსულია მხოლოდ საქართველოში. გაიგეთ რას ამბობენ ევროპაში? რიგი არასამთავრობოები არაკეთილსინდისიერად იქცევიანო, ინსტიტუტების მოტყუებას ცდილობენო; მათი ფინანსური კონტროლი აუცილებელია; იმასაც ამბობენ, რომ საჭიროა რეგისტრაცია და გამჭვირვალობაო; მათ ხალხის ნდობა სჭირდებათ და ხალხს მეტი ინფორმაცია მათზეო; ეს ყველაფერი ევროპული ან ამერიკული ინგლისურიდან თუ კარგად გესმით, ქართულიდან რატომ ვერ გაიგეთ?! ან თუ ვერ გაიგეთ, წაგეკითხათ მაინც და თუ წაუკითხავად დაგიკვეთეს პროტესტი, მაშინ ახალგაზრდებისთვის მაინც გეცდიათ, რომ 4-გვერდიანი კანონი, რომელიც მხოლოდ 4 პუნქტისგან შედგებოდა, წაეკითხათ და არც მათ დასჭიდებოდათ პოლიციელების ცოცხლად დაწვა ქალაქის ცენტრში. არც იმ წესიერ ხალხს დასჭირდებოდა იმ ღამეს ბრძოლის ველზე ე.წ. სელფების გადაღება და სოციალურ ქსელში მტკიცებულებად განთავსება, რომ თქვენი მხრიდან ბულინგის მსხვერპლნი არ გამხდარიყვნენ", - თქვა ხუნდაძემ.

  • პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი პირველი მოსმენით 2023 წლის 7 მარტს დაამტკიცა, საქართველოს საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების და ოპოზიციის პროტესტის და მოწოდებების მიუხედავად, უარი ეთქვა "რუსულ კანონზე" და ევროპული პერსპექტივის დასამარებაზე. საპროტესტო აქციებზე ათობით მოქალაქემ სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო. მათ შორის ერთ-ერთმა ცალ თვალში დაკარგა მხედველობა.
  • "ქართული ოცნების" საპარლამენტო უმრავლესობა პროვოკაციულს უწოდებდა განცხადებებს "რუსული კანონის" და ევროპული ინტეგრაციის მიზანმიმართული შეფერხების შესახებ და საკანონმდებლო ცვლილების ერთადერთ მიზნად ასახელებდა გამჭვირვალობას და საზოგადოების ინფორმირებას.
  • საზოგადოებრივი პროტესტისა და საერთაშორისო კრიტიკის ფონზე, 9 მარტს „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობამ გადაწყვიტა, გაეწვია პირველი მოსმენით უკვე მიღებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“. რეგლამენტის თანახმად, 10 მარტს სპეციალურად დანიშნულ პლენარულ სხდომაზე პარლამენტმა მეორე მოსმენით უყარა კენჭი აღნიშნულ კანონპროექტს და ჩააგდო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG