Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, კიევში ათივე რუსული რაკეტა ჩამოაგდეს


საილუსტრაციო ფოტო არქივიდან. კიევის პოლიციის თანამშრომლები ათვალიერებენ ჩამოგდებულ რუსულ რაკეტას
საილუსტრაციო ფოტო არქივიდან. კიევის პოლიციის თანამშრომლები ათვალიერებენ ჩამოგდებულ რუსულ რაკეტას

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა კიევზე დღევანდელი შეტევისას 10 ბალისტიკური რაკეტა გამოიყენეს. ამის შესახებ უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობა იუწყება. მისი ინფორმაციით, საზენიტო-სარაკეტო ქვედანაყოფმა ათივე რაკეტა ჩამოაგდო.

კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, საჰაერო თავდაცვის ძალების მიერ მოგერიებული რაკეტების ნამსხვრევების ჩამოცვენის შედეგად დაშავდა 51 ადამიანი. ყველაზე უფროსი 80 წლისაა, უმცროსი - ხუთის.

ადმინისტრაციის თანახმად, კიევის ოთხ რაიონში ნამსხვრევების ჩამოცვენის ათამდე შემთხვევა იყო. დაზიანებულია რამდენიმე სახლი, საავადმყოფოს შენობა, ავტომობილები და წყლით მომარაგების სისტემის მილები. 9-სართულიან სახლში გაჩენილი ხანძრის გამო საჭირო გახდა მობინადრეთა ევაკუაცია.

უკრაინის საჰაერო ძალებმა ადგილობრივი დროით 03:04 საათზე გამოაქვეყნეს გაფრთხილება მოსალოდნელი სარაკეტო შეტევის შესახებ. გამოცემა „უკრაინსკა პრავდის“ ინფორმაციით, მალევე კიევში გაისმა აფეთქებების ხმა და საჰაერო განგაშის სისტემა მხოლოდ შემდეგ ჩაირთო. ამას ადასტურებს კიევში ბრიტანული BBC-ს კორესპონდენტიც.

ბოლო დღეებში კიევზე უკვე მესამე სარაკეტო იერიში განხორციელდა.

XS
SM
MD
LG