"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ მუდმივად საჭიროა საზოგადოებას შეახსენონ "ნაცმოძრაობის სახე". ასე უპასუხა მან პარლამენტში ჟურნალისტს, რომელმაც ჰკითხა ე.წ. სისხლიან ბანერებზე, რომლებიც გასულ არჩევნებზე იყო გაკრული ბილბორდებზე მმართველი პარტიის მხარდასაჭერად.
"'სისხლიანი ბანერები' იყო ეს ბანერები თუ როგორ იყო, ეს ცალკე თემაა, მაგრამ ეს ბანერები ძალიან კარგად ასახავდა "ნაცმოძრაობის" სახეს. თუმცა მათი ["ქართული ოცნების" PR-კონსულტანტების] იდეა, პრინციპში, არ იყო. სხვა კონსულტანტების მხრიდან გაჩნდა ეს იდეა, რაც ძალიან წარმატებული იყო - ხალხს სჭირდება მუდმივად "ნაცმოძრაობის" სახის შეხსენება... შეიძლება დაგვჭირდეს [2024 წლის არჩევნებზე]... საზოგადოებას მუდმივად უნდა ახსოვდეს ის, რა დანაშაულები აქვს "ნაცმოძრაობას" თავის დროზე იმისათვის, რომ შეცდომა არ დაუშვას მომავალში", - თქვა კობახიძემ.
მოგვიანებით პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად დააზუსტა, რომ ეს არ ყოფილა მათი PR-კონსულტანტების, მოშე კლუგჰაფტისა და მირი მიქაელის იდეა:
"ეს არ იყო მოშე კლუგჰაფტის იდეა და შესაბამისად, ჩვენი არ იყო. იყო სხვა პიარ-კონსულტანტები, რომლებმაც შესაბამის ადამიანებს ურჩიეს ასეთი ბილბორდების გაკვრა".
დღეს, 13 დეკემბერს, ცნობილი გახდა, რომ "ქართულმა ოცნებამ" 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში დასახმარებლად ხელშეკრულება გააფორმა მოშე კლუგჰაფტსა და მირი მიქაელთან. მოშე კლუგჰაფტს ოპოზიცია უკავშირებს გასულ არჩევნებში „ქართული ოცნების" აგრესიულ და სიძულვილზე დაფუძნებულ საარჩევნო კამპანიებს.
2021 წლის მუნიციპალური არჩევნების წინ სარეკლამო ბილბორდებზე გამოჩნდა „სისხლიანი ბანერები". მასზე ნეგატიურ კონტექსტში, სისხლის მსგავსი შეფერილობით გამოსახული იყვნენ ოპოზიციონერი ლიდერები. თბილისის მერმა ბანერებთან კავშირი უარყო. „ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ეს იყო „'მადლიერი' ხალხის საჩუქარი იმ ოპოზიციას, რომელიც 9 წლის განმავლობაში უსასტიკესი მეთოდებით გამოირჩეოდა".
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის 26 ოქტომბერს უნდა გაიმართოს. საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, დეპუტატებს მხოლოდ პროპორციული სისტემით აირჩევენ, პარლამენტის წევრთა მანდატები კი განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც 5%-იან ბარიერს გადალახავენ.