Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ჩვენ მაშინ დემოკრატიის დაცვის საშუალება არ მოგვეცა" - პაპუაშვილი „აგენტების კანონზე“


შალვა პაპუაშვილი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
შალვა პაპუაშვილი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მედიის კითხვის პასუხად გამოეხმაურა პოლიტიკაში გამჭვირვალობის გაძლიერების მიზნით, ევროკომისიის მიერ დემოკრატიის დაცვის პაკეტის მიღებას.

„გარკვეულწილად, ბედის ირონიაა. არის ლათინური გამოთქმა, რომელიც ქართულად ასე ჟღერს: “ის, რაც დასაშვებია იუპიტერისთვის, არ არის დასაშვები ხარისთვის”. როგორც ჩანს, სამწუხაროა, ხანდახან ზოგიერთი პოლიტიკური ჯგუფი, ზოგიერთი ორგანიზაცია, ზოგიერთი ქვეყანაც კი, თავის თავს აღიქვამს იუპიტერად, ჩვენ კი, ქართველ ხალხს, აღგვიქვამს ხარად. აი, ეს არის საბოლოო ჯამში სწორედ ბედის ირონია, რომ ჩვენ ვხედავთ, რომ სხვადასხვა ქვეყნები აინიცირებენ ასეთ კანონებს და მოქმედებს, მათ შორის ევროკავშირიც აინიცირებს ზუსტად იგივე სულისკვეთების და შინაარსის კანონპროექტს, რომელიც საქართველოში იყო დაინიცირებული და ამას არქმევს დემოკრატიის დაცვის აქტს. ზუსტად ამ თემებზე ვსაუბრობდით ჩვენ და მნიშვნელოვანია, რომ ზუსტად ის არის ევროკავშირის მოტივაცია, რაც ჩვენ გვქონდა“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, „მნიშვნელოვანია ინტერესები ჩანდეს, როცა უცხოური ორგანიზაციების ფული საქართველოში შემოდის“, ვინაიდან „არცერთი უცხო ქვეყანა, უცხოური ორგანიზაცია საქართველოს ინტერესით არ მოქმედებს, მოქმედებს საკუთარი ინტერესით. ამიტომ უნდა იყოს საჯარო და ხელმისაწვდომი იცოდეს მოსახლეობამ, ვისი ინტერესით მოქმედებს და ვის ინტერესს ლობირებენ ესა თუ ის ორგანიზაციები“.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სიტყვებით, „ახლა დაიწყო ცივილიზებული საუბარი ამ თემაზე", როცა უცხოური დაფინანსების მქონე ორგანიზაციების ლიდერობით "პარლამენტს და პოლიციელს ცეცხლი წაუკიდეს ევროპისა და დემოკრატიის სახელით“.

მან კიდევ ერთხელ გაიმეორა მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ სულისკვეთება, რომ საქართველოში არიან „მულტიმილიონერი ენჯეოები, რომლებიც მოქმედებენ არა საქართველოს, არამედ თავისი დამფინანსებლების ინტერესებით“.

შალვა პაპუაშვილის სიტყვებით, „პატრიოტიზმი არ არის სამართლებრივი განზომილება და მათი უფლებაა, ვისი ინტერესიც უნდათ გაატარონ. ეს არის მორალური პასუხისმგებლობა. მათ საკუთარი არჩევანი გაკეთებული აქვთ, რომ არიან საკუთარი დამფინანსებლების ლობისტები და არა საქართველოს ინტერესის ლობისტები“.

პარლამენტის სპიკერი „ბედის ირონიას“ უწოდებს იმას, რომ რა კანონის მიღებასაც მარტში აპირებდა ხელისუფლება, ახლა დირექტივის სახით ევროკავშირის ინიციატივად შეიძლება იქცეს.

„რაც შეეხება თავად ამ პროექტს - ამაშია ბედი ირონია. თქვენ იცით, რომ დაინიცირებულია, როგორც ევროკავშირის დირექტივა. დაველოდებით, მიიღებენ ამ დირექტივას და მერე, მე მგონი, აქეთ მოგვთხოვენ, რომ მივიღოთ. მაშინ კი ნამდვილად ირონიულად ჩაგვეცინება, როდესაც დირექტივის სახით შემობრუნება ეს თემა და აქეთ მოგვთხოვენ, რომ ასეთი კანონი მივიღოთ“.

შალვა პაპუაშვილის თქმით, ხელისუფლებას მარტში „დემოკრატიის დაცვის შესაძლებლობა არ მიეცა“, ვინაიდან კანონის მიღების მოწინააღმდეგეები მანქანებს ამტვრევდნენ და წვავდნენ.

  • პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი პირველი მოსმენით 2023 წლის 7 მარტს დაამტკიცა, საქართველოს საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების და ოპოზიციის პროტესტის და მოწოდებების მიუხედავად, უარი ეთქვა "რუსულ კანონზე" და ევროპული პერსპექტივის დასამარებაზე. ეს კანონპროექტი, მიღების შემთხვევაში, ყველა არასამთავრობო ორგანიზაციას, რომლებიც დაფინანსებას იღებდნენ პარტნიორი ქვეყნებიდან ან ორგანიზაციებიდან, "უცხოური გავლენის აგენტებად" რეგისტრაციას ავალდებულებდა.
  • "ქართული ოცნების" საპარლამენტო უმრავლესობა პროვოკაციულს უწოდებდა განცხადებებს "რუსული კანონის" და ევროპული ინტეგრაციის მიზანმიმართული შეფერხების შესახებ და საკანონმდებლო ცვლილების ერთადერთ მიზნად ასახელებდა გამჭვირვალობას და საზოგადოების ინფორმირებას.
  • საზოგადოებრივი პროტესტისა და საერთაშორისო კრიტიკის ფონზე, 9 მარტს „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობამ გადაწყვიტა, გაეწვია პირველი მოსმენით უკვე მიღებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“. რეგლამენტის თანახმად, 10 მარტს სპეციალურად დანიშნულ პლენარულ სხდომაზე პარლამენტმა მეორე მოსმენით უყარა კენჭი აღნიშნულ კანონპროექტს და ჩააგდო.
  • დოკუმენტის განხილვის პროცესში საკანონმდებლო ორგანოსთან მრავალი ადამიანი შეიკრიბა, აქცია გაგრძელდა მეორე დღესაც. შინაგან საქმეთა სამინისტრომ აქციის მონაწილეთა დასაშლელად გამოიყენა სხვადასხვა საშუალება, მათ შორის "წიწაკის სპრეი" და წყლის ჭავლი. უწყებამ განმარტა, რომ ეს იყო პროპორციული საპოლიციო ძალა. ამ დღეს დააკავეს 132 ადამიანი. საპროტესტო აქციებზე ათობით მოქალაქემ სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო. მათ შორის ერთ-ერთმა ცალ თვალში დაკარგა მხედველობა. აქციების დაშლის დროს გაწეული წინააღმდეგობისას დაშავდნენ პოლიციელებიც.
  • სისხლის სამართლის საქმე აღიძრა ორი ადამიანის წინააღმდეგ, მათ შორის ერთ-ერთი, ლაზარე გრიგორიადისი, ამ დრომდე პატიმრობაშია. ამ საქმეზე განაჩენის გამოცხადებამდე, სასამართლომ მას 1,5 წლით მიუსაჯა პატიმრობა 2 წლის წინათ მამის დაჭრის საქმეზე.
  • ლაზარე გრიგორიადისის ნასამართლობის ფაქტს დაკავების შემდეგ, პირველ დღეებში, სასამართლოში საქმის განხილვისას მის საწინააღმდეგო მტკიცებულებად იყენებდა ხელისუფლების მიმართ ლოიალურად განწყობილი მედია, ისევე როგორც პროკურატურა.

XS
SM
MD
LG