Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტის სხდომა ევროკავშირის ჰიმნით გაიხსნა


პარლამენტის სხდომათა დარბაზი
პარლამენტის სხდომათა დარბაზი

საქართველოს პარლამენტის სხდომა ევროკავშირის ჰიმნის გაჟღერებით დაიწყო. დღევანდელი, 15 დეკემბერის, პლენარული სხდომა პირველია მას შემდეგ, რაც საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღო.

ჰიმნის ჩართვამდე პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა დეპუტატებს მიმართა და მადლობა გადაუხადა "ყველას, ვინც დაუღალავად შრომობდა".

"დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან, ჩვენი ეროვნული ძალისხმევის მთავარ მიზანს წარმოადგენდა დაბრუნება იქ, სადაც საქართველოს ისტორიული ადგილი იყო...

ჩვენ, ქართველი ხალხი, მთელი ჩვენი ერთიანობითა და წინააღმდეგობებით ამ ისტორიული მიღწევის ნამდვილი გმირები ვართ. მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც ამ მიღწევაში საკუთარი წვლილი შეიტანა, ვინც დაუღალავად შრომობდა ჩვენი თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის დასაცავად და ქვეყნის ევროპულ ოჯახში შესაყვანად. გილოცავთ ამ დღეს! გთხოვთ, ფეხზე წამოვუდგეთ ევროპის ჰიმნს!" - თქვა შალვა პაპუაშვილმა.

პარლამენტის სხდომათა დარბაზში ამ დღისთვის აპარატის ორგანიზებით გადმოიფინა საქართველოსა და ევროკავშირის დროშები. საქართველოსა და ევროკავშირის დროშები ეწყო საპარლამენტო უმრავლესობის, თუმცა არა ოპოზიციის მაგიდებზეც.

"ამ გოიმმა რუსებმა დღეს დარბაზში მხოლოდ უმრავლესობის ადგილებზე დაგვახვედრეს ევროკავშირის დროშები", - დაწერა ფეისბუქში დეპუტატმა, პარტია "ლელოს" წევრმა სალომე სამადაშვილმა.

პარლამენტის პრესსამსახურში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ საქართველოსა და ევროკავშირის დროშების მხოლოდ უმრავლესობისთვის დადება "დეპუტატების ინდივიდუალური გადაწყვეტილება იყო" და ფრაქციამ მათ ამის შესახებ სხდომის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე აცნობა.

14 დეკემბერს ბრიუსელში, ევროპული საბჭოს სხდომაზე, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერებმა ევროკომისიის მიერ 2023 წლის ნოემბერში გაცემული რეკომენდაციების საფუძველზე მხარი დაუჭირეს ევროკავშირში გასაწევრიანებლად უკრაინასა და მოლდოვასთან მოლაპარაკებების დაწყებას, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას და ბოსნია და ჰერცეგოვინასთან მოლაპარაკების დაწყებას მას შემდეგ, რაც ეს ქვეყანა შესაბამის კრიტერიუმებს მიაღწევს.

კენჭისყრამდე დარბაზი დატოვა უკრაინასთან მოლაპარაკების მოწინააღმდეგემ, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა. ევროკავშირის დანარჩენი 26 ქვეყნის ლიდერებმა ხმა მისცეს უკრაინასთან მოლაპარაკების დაწყებას. იმის გამო, რომ უნგრეთს ვეტოს უფლებით არ უსარგებლია, გადაწყვეტილება კანონიერად ითვლება. ამასთან, ორბანმა ვეტო დაადო ევროკავშირის მიერ უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს დახმარების გაწევას.

2022 წლის ივნისში უკრაინამ და მოლდოვამ მიიღეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, ხოლო საქართველომ - ევროპული პერსპექტივა.

2023 წლის ნოემბერში ევროკომისიამ ევროპულ საბჭოს მისცა უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების საკითხზე მოლაპარაკებების დაწყების, ხოლო საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციები.

„ასოცირებული ტრიოს“ ქვეყნებიდან ევროკავშირის წევრობის განაცხადი პირველმა უკრაინამ წარადგინა რუსეთის არმიის ფართომასშტაბიანი შეჭრიდან რამდენიმე დღეში, 2022 წლის 28 თებერვალს. იმავე წლის 3 მარტს განაცხადები წარადგინეს საქართველომ და მოლდოვამაც. მანამდე „ქართული ოცნების" ხელისუფლება ამბობდა, რომ განაცხადს 2024 წელს წარადგენდა.

XS
SM
MD
LG