Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კვერცხზე ფასების ზრდის გამო რუსეთში რამდენიმე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა


ანექსირებული ქერჩის ერთ-ერთი პროდუქტების მაღაზიის დახლი. 11 დეკემბერი, 2023 წელი
ანექსირებული ქერჩის ერთ-ერთი პროდუქტების მაღაზიის დახლი. 11 დეკემბერი, 2023 წელი

რუსეთის ფედერალურმა ანტიმონოპოლიურმა სამსახურმა კიროვის რეგიონსა და ანექსირებულ ყირიმში ქათმის კვერცხის ოთხი მწარმოებლის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე გახსნა. ამის მიზეზად სახელდება ამ კომპანიების მიერ სარეალიზაციო ფასების მკვეთრი ზრდა. ვინაიდან კომპანიებმა ფასები ერთდროულად გაზარდეს, ანტიმონოპოლიური სამსახური ეჭვობს, რომ მათ შორის ადგილი ჰქონდა კარტელურ გარიგებას.

სააგენტო „ტასი“, ანტიმონოპოლიური უწყების პრესსამსახურზე დაყრდნობით, წერს, რომ ანექსირებულ ყირიმში ორი ფირმის - „პატრიოტისა“ და „ოქტიაბრსკოეს“ ერთობლივმა საწარმოებმა - სინქრონულად გაზარდეს ფასები სხვადასხვა კატეგორიის კვერცხებზე, ამასთანავე, ფასების ზრდამ 94 პროცენტს მიაღწია. ფასების ზრდა 60 პროცენტით დაუშვეს კიროვის რეგიონში მოქმედმა „სოვეტსკაია აგროფირმამ“ და ვიაცკო-პოლიანსკაიას მეფრინველეობის ფერმამ. ანტიმონოპოლიური ფედერალური სამსახური შეამოწმებს, თუ რამდენად დასაბუთებული იყო კომპანიების გადაწყვეტილებები გასაყიდი ფასების გაზრდის შესახებ.

ბოლო თვეების განმავლობაში რუსეთში სურსათი გაძვირდა, მაგრამ ყველაზე მეტად ქათმის კვერცხის ფასმა მოიმატა. სააგენტო „როსსტატის“ მონაცემებით, ნოემბერში კვერცხის ფასი 15.1 პროცენტით გაიზარდა, წლის დასაწყისიდან - 35.5 პროცენტით, ხოლო წლის განმავლობაში - 40.3 პროცენტით. არსებობს ცნობები რუსეთის ქალაქებში შედარებით იაფი კვერცხებისთვის წარმოქმნილი დიდი რიგების შესახებ, ზოგიერთმა მაღაზიამ შეზღუდა ერთ ხელზე გასაყიდი კვერცხების რაოდენობა, ხოლო რუსეთის ზოგიერთ რეგიონში საცალო ქსელებში კვერცხს ცალობითაც ყიდდნენ.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 14 დეკემბერს მოსახლეობასთან „პირდაპირი ხაზისა“ და დასკვნითი პრესკონფერენციის დროს განაცხადა, რომ ქვეყანაში ქათმის კვერცხის ფასის მატება მოსახლეობის შემოსავლების მატებას უკავშირდება. მისივე თქმით, მოთხოვნამ მიწოდებას გადააჭარბა, ხოლო ხელისუფლებამ დროულად ვერ იზრუნა კვერცხის იმპორტის გაზრდაზე.

XS
SM
MD
LG