Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გალის სოფელ წარჩეში დაკრძალეს თემურ კარბაია


თემურ კარბაია
თემურ კარბაია

9 დეკემბერს, სოხუმის საავადმყოფოში გარდაცვლილი თემურ (ვიტალი) კარბაია დღეს, 16 დეკემბერს, გალის სოფელ წარჩეში დაკრძალეს, - ამბავს „მოძრაობა აფხაზეთისთვის" ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, ცხედარს ექსპერტიზა გუშინ ჩაუტარდა. „მოძრაობა აფხაზეთისთვის“ წერს, რომ კაცი ცემის შედეგად მიყენებული დაზიანებებით გარდაიცვალა:

„დღეს აფხაზეთში, გალში - სოფელ წარᲩეᲨი. მიწას მიაბარეს ე.წ. მილიციელების - ზარაქუა, კვეკვესქირი და აბშილავას მიერ ცემით მოკლულ ვიტალი კარბაია. ჩვენი ინფორმაციით გუშინ საღამოს გალის რაიონის ხელმძღვანელის მიერ იყო მოთხოვნა, ჩატარებულიყო ექსპერტიზა, რომელიც ჩაუტარდა. ექსპერტიზამ დაამტკიცა ცემის შემდგომ მიყენებული დაზიანების შედეგად გარდაცვალება“, - ვკითხულობთ მოძრაობის ფეისბუკგვერდზე.

ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ წარჩეში მცხოვრები საქართველოს მოქალაქის, თემურ კარბაიას გარდაცვალების მიზეზად მისი ოჯახის წევრები ამავე რაიონის ე.წ. მილიციელების მიერ მის სასიკვდილოდ ცემას ასახელებდნენ.

კარბაიას სიკვდილის ამბავი 9 დეკემბერს ღამით გავრცელდა.

მისი ნათესავების ცნობით, თემურ კარბაია სახლში მიდიოდა, როცა ე.წ. მილიციელებმა ის შესამოწმებლად გააჩერეს. ზუსტად რა მოხდა ამის შემდეგ ოჯახმა არ იცის, თუმცა დარწმუნებულები არიან, რომ თემურ კარბაიას სასიკვდილოდ პოლიციელებმა სცემეს.

11 დეკემბერს გავრცელდა აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროს პირველი კომენტარიც, რომელიც უწყებამ სააგენტო „აიაშარას“ მისცა და რომელშიც, საქართველოს მოქალაქის, გალის მკვიდრი თემურ კარბაიას ცემაზე არაფერია ნათქვამი.

უწყება აცხადებს, რომ კარბაიას გარდაცვალების საქმეს „შესაბამისი სამსახურები სწავლობენ“.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. შსს ირწმუნება, რომ ამის შემდეგ, 7 დეკემბერს, დილის 08:50 საათზე „პროფილაქტიკური საუბრის შემდეგ“ კარბაია გაუშვეს.

რადიო თავისუფლებამ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსაც ჰკითხა, დაიწყება თუ არა გამოძიება კარბაიას საქმეზე, - შსს აცხადებს, რომ გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით.

XS
SM
MD
LG