Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

NYT: აშშ ისრაელისგან სამ კვირაში მოელის ომის ტაქტიკის შეცვლას


აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის (მარცხნივ) თქმით, ისრაელი საერთაშორისო მხარდაჭერას კარგავს ღაზის სექტორის „განურჩეველი დაბომბვის“ გამო. (არქივის ფოტო)
აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის (მარცხნივ) თქმით, ისრაელი საერთაშორისო მხარდაჭერას კარგავს ღაზის სექტორის „განურჩეველი დაბომბვის“ გამო. (არქივის ფოტო)

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და მისი თანაშემწეები უკანასკნელ დღეებში სულ უფრო „მოუხეშავ ცეკვაში“ მონაწილეობენ, როცა ისრაელს უბიძგებენ, შეცვალოს ომის ტაქტიკა ღაზის სექტორში, ხოლო ამავე დროს საჯაროდ უცხადებენ მას მხარდაჭერას, წერს The New York Times-ი.

ვაშინგტონი აქამდე უკვე მოუწოდებდა ისრაელს „მაღალინტენსიური“ საბრძოლო მოქმედებებიდან „წერტილოვან ოპერაციამდე“ გადასვლისკენ. ამ ცვლილებების ვადები საჯაროდ არ განუხილავთ, მაგრამ როგორც აშშ-ის ოფიციალური პირები ამბობენ კერძო საუბრებში, ბაიდენი იმედოვნებს, რომ ისრაელი დაახლოებით სამ კვირაში გადავა ახალ ტაქტიკაზე, წერს ამერიკული გამოცემა.

გასულ კვირაში ბაიდენმა განაცხადა, რომ ისრაელი საერთაშორისო მხარდაჭერას კარგავს ღაზის სექტორის „განურჩეველი დაბომბვის“ გამო. ეს ისრაელის თავდაცვის ძალების მიმართ გამოთქმული უფრო კრიტიკული შეფასებებია, ვიდრე ამას ადრე აკეთებდა ვაშინგტონი.

როგორც The New York Times-ი წერს, ორშაბათს ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან და სხვა მაღალი რანგის სახელმწიფო მოხელეებთან შეხვედრაზე აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა ლოიდ ოსტინმა დაწვრილებით განიხილა, კონკრეტულად როგორ გადავლენ ისრაელის ჯარები ომის შემდეგ ფაზაზე, რომელიც, ამერიკის ხელისუფლების აზრით, შეამცირებს სამოქალაქო მოსახლეობაში მსხვერპლის რისკს.

ისრაელის კამპანიის ვადების შესახებ შეკითხვაზე ოსტინმა თქვა: „ეს ისრაელის ოპერაციაა და მე აქ ვადებისა და პირობების საკარნახოდ არ ვარ“.

XS
SM
MD
LG