Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელმა „ჰამასს“ ერთი კვირით ცეცხლის შეწყვეტა შესთავაზა 40 მძევლის გათავისუფლების სანაცვლოდ


ისრაელის ჯარისკაცები ღაზის სექტორში. 18 დეკემბერი, 2023.
ისრაელის ჯარისკაცები ღაზის სექტორში. 18 დეკემბერი, 2023.

ისრაელმა პალესტინურ დაჯგუფება „ჰამასს“, რომელიც აშშ-სა და ევროკავშირში ტერორისტულ ორგანიზაციად ითვლება, ღაზის სექტორში ერთი კვირით ცეცხლის შეწყვეტა შესთავაზა დაახლოებით 40 მძევლის გათავისუფლების სანაცვლოდ. ამის შესახებ Axios-ი იტყობინება წყაროებზე დაყრდნობით.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, ეს წინადადება ისრაელმა „ჰამასს“ შესთავაზა კატარელი შუამავლების მეშვეობით. გარიგების ფარგლებში ისრაელის ხელისუფლება იმედოვნებს 40-მდე მძევლის გათავისუფლებას, მათ შორის ქალების, 60 წელზე უფროსი მამაკაცებისა და იმათი, ვინც სასწრაფო სამედიცინო დახმარებას საჭიროებს.

ისრაელი ასევე გამოვიდა წინადადებით, რომ შეუძლია გაათავისუფლოს პალესტინელი პატიმრები, რომლებიც უფრო მძიმე დანაშაულებისთვის არიან გასამართლებული, ვიდრე ისინი, რომლებიც პირველი ზავის დროს გაათავისუფლეს.

გამოცემის წყაროების თანახმად, მოლაპარაკებებზე კატარის პრემიერ-მინისტრმა გაახმოვანა ზავთან დაკავშირებით „ჰამასის“ პოზიცია, რომლის მიხედვითაც, ისრაელმა უნდა შეწყვიტოს შეტევები მანამდე, სანამ მძევლებზე მოლაპარაკებები დაიწყება.

ისრაელის დაზვერვის სამსახურის, „მოსადის“ ხელმძღვანელმა დავიდ ბერნეამ ამის პასუხად თქვა, რომ თუკი „ჰამასს“ ომის შეწყვეტა სურს, მან იარაღი უნდა დაყაროს და ისრაელს გადასცეს ღაზის სექტორში მყოფი თავისი ლიდერები, რომლებიც 7 ოქტომბრის თავდასხმისთვის არიან პასუხისმგებელნი.

ისრაელზე „ჰამასის“ მებრძოლთა თავდასხმის შედეგად მოკლულ იქნა 1200-ზე მეტი ისრაელელი, მათი დიდი უმრავლესობა - მშვიდობიანი მოქალაქეები. 240 ადამიანი მძევლად აიყვანეს.

„ჰამასის“ მიერ მართული ღაზის ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ისრაელის მხრიდან წარმოებულ საპასუხო ომს ღაზის სექტორში ემსხვერპლა 19 ათასამდე ადამიანი, ძირითადად ქალები და ბავშვები.

წინა ზავის დროს, ნოემბრის ბოლოს, „ჰამასმა“ 105 მძევალი გაათავისუფლა.

XS
SM
MD
LG