Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ ისრაელისგან მოელის, რომ ღაზაში ზუსტ მიზნობრივ ოპერაციებზე გადავა


ენტონი ბლინკენი, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი
ენტონი ბლინკენი, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი

აშშ მოელის, რომ ისრაელი ღაზაში სამხედრო ოპერაციების ინტენსივობას შეამცირებს და გადავა ზუსტ მიზნობრივ ოპერაციებზე, რომლებიც მიმართული იქნება აშშ-სა და ევროკავშირის მიერ ტერორისტულად აღიარებული დაჯგუფება ჰამასის ხელმძღვანელობისა და ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ.

ამის შესახებ წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა.

მისი სიტყვებით, როგორც კი ისრაელის საბრძოლო მოქმედებები უფრო შერჩევით ხასიათს მიიღებს, სამოქალაქო მოსახლეობისთვის ზიანი საგრძნობლად უნდა შემცირდეს.

ისრაელი სულ უფრო მეტ ზეწოლას განიცდის დასავლელი მოკავშირეების მხრიდან, რათა შეაჩეროს სამხედრო შეტევა, რომელმაც გაანადგურა ღაზის მჭიდროდ დასახლებული ნაწილი.

ისრაელის უახლოესი მოკავშირე, ვაშინგტონი, გასულ კვირას გამოვიდა მოწოდებით, შემცირდეს ომის მასშტაბი და გადავიდეს ჰამასის წინააღმდეგ უფრო კონცენტრირებულ კამპანიაზე.

„კვლავინდებურად გვჯერა, რომ ისრაელმა არჩევანი არ უნდა აკეთოს ჰამასის საფრთხის აღმოფხვრასა და ღაზაში მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლის მინიმუმამდე შემცირებას შორის. ის ვალდებულია გააკეთოს ორივე და ორივეს განხორციელების სტრატეგიული ინტერესი აქვს", - თქვა ბლინკენმა.

ამავდროულად, სახელმწიფო მდივნის თქმით, აშშ გაოცებულია, რატომ არ მოუწოდებენ სხვა ქვეყნები ჰამასს იარაღის დაყრისა და დანებებისკენ.

ბლინკენმა მოუწოდა ყველას დაჯგუფებაზე ზეწოლისკენ, რათა ომის დასრულებისკენ გადაიდგას ნაბიჯები. "თუ ამას იზამს ჰამასი, მაშინ ეს ხვალვე დასრულდება“, - თქვა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.

ღაზის სექტორში რადიკალური დაჯგუფების ჰამასის ტყვეობაში ამ დრომდე 130-ზე მეტი მძევალი რჩება, რომლებით პალესტინურმა დაჯგუფებამ ისრაელის სამხრეთზე 7 ოქტომბერს განხორციელებული თავდასხმის შემდეგ გაიტაცა.

ისრაელი კატარისა და ეგვიპტის შუამავლობით განაგრძობს ჰუმანიტარული მიზნით ცეცხლის დროებით შეწყვეტის შეთავაზებას მძევალთა ნაწილის გათავისუფლების სანაცვლოდ. ისრაელი ასევე სთავაზობს ციხეებში მყოფი პალესტინელების გათავისუფლებას.

არსებული ინფორმაციით, უშედეგოდ დასრულდა კატარისა და ეგვიპტის შუამავლობით მიმდინარე მოლაპარაკება ცეცხლის დროებითი შეწყვეტის სანაცვლოდ მძევლების გათავისუფლებაზე. Wall Street Journal-ი ეგვიპტურ მხარეზე დაყრდნობით წერს, რომ ნებისმიერ დროებით ზავამდე დაჯგუფება ჰამასის წარმომადგენლები ისრაელისგან ღაზის სექტორიდან ჯარების სრულად გაყვანას და ცეცხლის შეწყვეტას მოითხოვენ.

ჰამასის მიერ კონტროლირებული ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ისრაელის იერიშის შედეგად ოქტომბრიდან 20 ათასი ადამიანი დაიღუპა, რომელთა უმრავლესობა ქალი და ბავშვია.

ბევრი ქვეყანა ისრაელს მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმაში ადანაშაულებს. ისრაელის არმია აცხადებს, რომ ის მხოლოდ ჯიჰადისტურ ინფრასტრუქტურას უტევს და ჰამასს ადანაშაულებს ღაზას სექტორის საცხოვრებელ ადგილებში თავისი ინფრასტრუქტურის განთავსებაში.

XS
SM
MD
LG