Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავტობუსში ცოლის მკვლელობის საქმე: სააპელაციომ 20 წლით თავისუფლების აღკვეთა ძალაში დატოვა


თბილისის საქალაქო სასამართლო. მსჯავრდადებული როინ მებონია
თბილისის საქალაქო სასამართლო. მსჯავრდადებული როინ მებონია

თბილისი სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა მსჯავრდადებულ როინ მებონიასთვის პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი. ავტობუსში ცოლის, 31 წლის სოფო კვარაცხელიას, სასტიკად მკვლელობისთვის მას მიუსაჯეს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა და სასჯელის სამედიცინო სამკურნალო დაწესებულებაში მოხდა.

ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნის თანახმად, დანაშაულის ჩადენის მომენტში მებონიას შეზღუდული შერაცხადობა ჰქონდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, კანონმდებლობის თანახმად, სასჯელის განსაზღვრის დროს ეს გარემოება გაითვალისწინა და მას არა უვადოდ, არამედ 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა და ამასთან, გამოჯანმრთელებამდე იძულებით გაუშვა სამკურნალო დაწესებულებაში.

პროკურატურა ზემდგომ ინსტანციაში სასჯელის ზომად უვადო თავისუფლების აღკვეთის დაწესებას მოითხოვდა.

როინ მებონია გაასამართლეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ოჯახის წევრის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობა) ჩადენილი დანაშაულის ბრალდებით, რაც სასჯელის ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადოდ პატიმრობას ითვალისწინებს.

სოფო კვარაცხელიას ავტობუსში მკვლელობის ფაქტს შეესწრნენ მისი ორი შვილი, სამი დისშვილი და და. მკვლელობის კადრები აღბეჭდა ავტობუსში დამონტაჟებულმა სამეთვალყურეო კამერამაც.

XS
SM
MD
LG