Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამინისტრო: პრაღაში საქართველოს მოქალაქეების დაშავების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ არის


სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანა პრაღის ცენტრში, კარლის უნივერსიტეტთან. 21 დეკემბერი, 2023 წელი
სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანა პრაღის ცენტრში, კარლის უნივერსიტეტთან. 21 დეკემბერი, 2023 წელი

საქართველო საგარეო საქმეთა სამინისტროს თანახმად, პრაღაში საქართველოს მოქალაქეების დაშავების შესახებ ჯერჯერობით ინფორმაცია არ არის. უწყების ცნობით, საქართველოს საელჩო ჩეხეთის რესპუბლიკაში ინფორმირებულია ინციდენტის შესახებ და კავშირზეა ჩეხეთის შესაბამის სტრუქტურებთან.

ჩეხეთში მომხდარს გამოეხმაურა საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი. სოციალურ ქსელ X-ში ის წერს, რომ თანაუგრძნობს სროლის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს.

"ვუსამძიმრებ ჩეხ ხალხს და მთავრობას. სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ ყველა დაშავებულს. სოლიდარული ვართ ამ მწუხარების ჟამს", - წერს მინისტრი.

დღეს, 21 დეკემბერს, პრაღის ცენტრში, იან პალახის მოედანზე, კარლის უნივერსიტეტის შენობაში მოხდა შეიარაღებული თავდასხმა, რომლის შედეგადაც არიან დაჭრილები და დაღუპულები. პრაღის მერის, ბოჰუსლავ სვობოდას ინფორმაციით, თავდამსხმელი მოკლულია. მისი ვინაობა და თავდასხმის მოტივი უცნობია.

ჩეხეთის ტელევიზია "ჩტ-24-ის" ცნობით, სროლის შედეგად დაიღუპა სულ მცირე 10 და დაიჭრა 30-მდე ადამიანი, რომლებიც უკვე გადაიყვანეს პრაღის სხვადასხვა საავადმყოფოში.

სააგენტო Ceske Noviny-ის თანახმად, სროლა მოხდა კარლის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტზე. ამ ფაკულტეტის სტუდენტები კლასებში ჩაიკეტნენ, ნაწილის ევაკუაცია კი დასახმარებლად მისულმა მაშველებმა შეძლეს. შენობის წინ მდებარე მოედანი პოლიციის მიერაა გადაკეტილი. ადამიანების ევაკუაცია მოხდა მახლობლად მდებარე შენობებიდანაც.

თავდასხმის ადგილი მცირე მანძილითაა დაშორებული პრაღის ძველი ქალაქიდან და პრაღის სასახლიდან.

ყველაზე პოპულარული

XS
SM
MD
LG