Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩეხეთში 23 დეკემბერი გლოვის დღედ გამოცხადდა


სტუდენტები ცდილობენ თავის გადარჩენას.
სტუდენტები ცდილობენ თავის გადარჩენას.

ჩეხეთის დედაქალ პრაღაში 21 დეკემბერს მომხდარი მასობრივი მკვლელობის შედეგად დაღუპული 14 ადამიანის ხსოვნის პატივსაცემად, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე 23 დეკემბერი გლოვის დღედ გამოცხადდა.

ჩეხეთის შსს-ს ინფორმაციით, 24 წლის სტუდენტმა, რომლის ვინაობაც არ სახელდება, კარლის უნივერსიტეტის ტერიტორიაზე 14 ადამიანი მოკლა, 25 კი დაჭრა, მათგან ათის მდგომარეობა მძიმეა.

„ჩეხეთს არასოდეს განუცდია ასეთი რამ“, - თქვა ჩეხეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ვიტ რაკუშანმა 21 დეკემბერს, სროლის შემდეგ და დასძინა, რომ არ არსებობს ნიშნები მომხდარის საერთაშორისო ტერორიზმთან დასაკავშირებლად.

პრაღის პოლიციის უფროსის, მარტინ ვონდრაშეკის თქმით, მსროლელმა სიცოცხლე, სავარაუდოდ, თვითმკვლელობით დაასრულა.

პოლიციამ 22 დეკემბრის დილით განაცხადა, რომ დაღუპული 14 ადამიანიდან 13 იდენტიფიცირებულია. უცნობია, არის თუ არა 14 დაღუპულს შორის თავად მსროლელი. მანამდე პოლიციამ 15 ადამიანის დაღუპვაზე განაცხადა, შეცვლილი მონაცემების მიზეზი კი არ განუმარტავთ.

ჩეხეთის შს მინისტრის, ვიტ რაკუშანის თქმით, დაჭრილებს შორის სამი უცხოელია, მათგან ორი საუდის არაბეთის მოქალაქეა, ერთი კი - ნიდერლანდის.

"მე ცოტა ხნის წინ შემზარავი დანაშაულის ადგილზე ვიყავი. ფაკულტეტის შენობაში იარაღისა და საბრძოლო მასალის უზარმაზარი არსენალი ვნახე", - განაცხადა პოლიციის უფროსმა. მისივე თქმით, „პოლიციის სწრაფი ჩარევის გარეშე გაცილებით დიდი მსხვერპლი იქნებოდა“.

ვონდრაშეკის თქმით, პოლიცია მიიჩნევს, რომ პრაღის კარლის უნივერსიტეტში ჩადენილ დანაშაულამდე, მსროლელმა დილით ადრე პრაღის დასავლეთით მდებარე ქალაქ კლადნოში მამა მოკლა და დაგეგმილი ჰქონდა თვითმკვლელობა.

პოლიცია არკვევს, ხომ არ არის მსროლელი იგივე პიროვნება, რომელმაც 15 დეკემბერს პრაღის პარკში 32 წლის კაცი და მისი 2 თვის ქალიშვილი დახოცა.

ჩეხური მედიის ცნობით, თავდასხმასთან კავშირის დასადგენად პოლიცია ასევე სწავლობს სოციალურ ქსელში, სავარაუდოდ, მსროლელის მიერ გამოქვეყნებულ პოსტებს.

მასობრივი მკვლელობა ევროპაში იშვიათია. თუმცა წელს ეს უკვე მესამე შემთხვევაა. მარტში გერმანიის ქალაქ ჰამბურგში შეიარაღებულმა პირმა თვითმკვლელობამდე მოკლა ექვსი და დაჭრა რვა ადამიანი.

სერბეთში მაისში, ერთი კვირის განმავლობაში, ორი შემთხვევა იყო. ბელგრადის სკოლაში 13 წლის ბიჭმა დახოცა რვა მოსწავლე და დაცვის თანამშრომელი. ორი დღის შემდეგ სერბეთის დედაქალაქის მახლობლად მდებარე სოფელში შეიარაღებულმა პირმა რვა ადამიანი მოკლა და 14 დაჭრა.

ჩეხეთის პრეზიდენტმა პეტრ პაველმა თქვა, რომ "შოკირებულია" მომხდარით. მან დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს მიუსამძიმრა.

ჩეხეთი იღებს მსოფლიო ლიდერების სამძიმრისა და მხარდაჭერის გზავნილებს.

სროლა 21 დეკემბერს იან პალახის მოედანზე მდებარე კარლის უნივერსიტეტის ხელოვნების ფაკულტეტის ფილოსოფიის დეპარტამენტის შენობაში მოხდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG