Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არაოფიციალური მონაცემებით, ხომალდ „ნოვოჩერკასკის“ 33 მეზღვაური უგზო-უკვლოდ დაიკარგა


ხანძარი ფეოდოსიაში, პორტში მომხდარი აფეთქების შემდეგ
ხანძარი ფეოდოსიაში, პორტში მომხდარი აფეთქების შემდეგ

ტელეგრამის არხი „ასტრა“ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ სულ მცირე 33 რუსი მეზღვაურია უგზო-უკვლოდ დაკარგული სადესანტო გემ „ნოვოჩერკასკზე“ უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ ანექსირებული ფეოდოსიის პორტში განხორციელებული სარაკეტო იერიშის შედეგად.

გამოცემის ინფორმაციით, 26 დეკემბრის ღამეს, თავდასხმის დროს, გემზე 77 მეზღვაური იმყოფებოდა. უგზო-უკვლოდ დაკარგულთა გარდა, 19 მეზღვაური დაშავდა. ეს მონაცემები ოფიციალურად დადასტურებული არ არის.

მანამდე არაერთმა სააგენტომ და საინტერნეტო რესურსმა დაადასტურა ის ფაქტი, რომ სარაკეტო იერიშის დროს ხომალდ „ნოვოჩერკასკზე“ არაერთი მეზღვაური იყოფებოდა. უცნობია, მოახერხა თუ არა რომელიმე ოფიცერმა და მეზღვაურმა ხომალდის დატოვება საბრძოლო მასალის აფეთქებამდე. გემის სრული საშტატო განრიგით, ეკიპაჟი 98 წევრისგან შედგება.

ძლიერი აფეთქების ამსახველი კადრების საჯარო სივრცეში გამოქვეყნების მიუხედავად, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მეზღვაურებს შორის მსხვერპლის თაობაზე კომენტარი არ გაუკეთებია. აფეთქების ძალა შეიძლება შეფასდეს „ნოვოჩერკასკის“ ლითონის კარკასის დიდი ფრაგმენტებით, რომლებიც ტელეკომპანია „ყირიმი ვესტის“ საინფორმაციო სიუჟეტის მიხედვით, შორ მანძილზეა მიმოფანტული.

ანექსირებული ყირიმის ხელმძღვანელმა სერგეი აქსიონოვმა ადრე განაცხადა, რომ პორტში თავდასხმის შედეგად ერთი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და ოთხი დაიჭრა.

რუსეთის ხელისუფლებამ მრავალსაათიანი დუმილის შემდეგ დაადასტურა რუსეთის დიდ სადესანტო ხომალდ „ნოვოჩერკასკზე" უკრაინული ავიაციის სარაკეტო იერიში, რამაც, რუსეთის სამხედრო უწყების მტკიცებით, ხომალდი მხოლოდ დააზიანა.

"თავდაცვის მინისტრმა შოიგუმ ვლადიმირ პუტინს შეატყობინა ფეოდოსიაზე უკრაინის შეიარაღებული ძალების იერიშისა და დიდი სადესანტო ხომალდ "ნოვოჩერკასკის" დაზიანების შესახებ", - უთხრა რუსულ მედიას კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა. სხვა დეტალები კრემლის წარმომადგენელს არ უხსენებია.

უკრაინა კი აცხადებს, რომ გემი განადგურდა და "ნოვოჩერკასკმაც" გაიზიარა მეორე დიდი სადესანტო ხომალდის, "მოსკვის" ბედი.

XS
SM
MD
LG