Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მზადებას იწყებენ


სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი ალან გაგლოევი
სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი ალან გაგლოევი

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა ალან გაგლოევმა უკვე გასცა რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების მზადებისთვის შესაბამისი განკარგულება. ამის შესახებ მან განაცხადა წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე. საპრეზიდენტო არჩევნები რუსეთში მომავალი წლის მარტშია დაგეგმილი.

„სამხრეთ ოსეთის მცხოვრებთა 98 პროცენტი რუსეთის მოქალაქეა. ეჭვიც არ მეპარება, რომ ასეთ რთულ დროსაც კი, სამხრეთ ოსეთის მოსახლეობა მარტში გამოიჩენს მაღალ აქტიურობას და ხმას უმაღლეს მთავარსარდალს მისცემს“, - აღნიშნა გაგლოევმა. მას მხედველობაში ჰყავდა რუსეთის დღევანდელი პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი. გაგლოევმა ადგილობრივ ჟურნალისტებს უთხრა, რომ რუსეთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მზადება სათანადო დონეზე წარიმართება.

„ჩვენ უკვე გამოვყავით პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლები, რომლებსაც მიეცათ შესაბამისი მითითებები, ისინი მუდმივ კავშირში არიან რუსეთის საელჩოსთან სამხრეთ ოსეთში. იანვრის მეორე ნახევარში, ადმინისტრაციისა და რაიონების ხელმძღვანელების, რესპუბლიკის უსაფრთხოების ძალებისა და რუსეთის საელჩოს წარმომადგენლების მონაწილეობით ჩვენ გავმართავთ საერთო კრებას არჩევნების მოსამზადებლად და ჩასატარებლად“, - განაცხადა გაგლოევმა.

ოკუპირებულ ცხინვალში მცხოვრები მოქალაქეების დიდი ნაწილი პარალელურად რუსეთის მოქალაქეობასაც ფლობს და შესაბამისად, რუსეთის ფედერაციის არჩევნებშიც იღებს ხოლმე მონაწილეობას. საპრეზიდენტო არჩევნების გარდა, ისინი რუსეთის საკანონმდებლო ორგანოს წევრებსაც ირჩევენ, თუმცა ვითარება ხშირად აბსურდამდე მიდის. მაგალითად, ოკუპირებული რეგიონის მცხოვრებლები როგორც პროპორციული სიით, ასევე მაჟორიტარულ ოლქში წარდგენილ კანდიდატებს ისე ირჩევენ ხოლმე, რომ მათი ვინაობაც კი არ იციან. მაგალითად, 2021 წლის არჩევნებზე რუსეთის სახელმწიფო სათათბიროში მათ აირჩიეს ბაიკალის მხარის მაჟორიტარი დეპუტატი ანდრეი გურულევი. გურულევს ცხინვალთან 2008 წლის აგვისტოს ომი აკავშირებდა. მაშინ ის 58-ე არმიის მეთაური იყო.

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონი მიწერილია რუსეთის ფედერაციის ბაიკალის მხარეს და მათი ხმები სწორედ იქ ითვლება. რუსეთმა საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებში - „სამხრეთ ოსეთსა“ და აფხაზეთში - მათი ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარებამდე ანუ 2008 წლის აგვისტომდე წლებით ადრე დაიწყო „პასპორტიზაციის პროცესი“ და იქ მცხოვრებთათვის რუსეთის მოქალაქეობის მიცემა.

საქართველოს ორი ოკუპირებული რეგიონის მცხოვრებთა უმრავლესობას რუსეთის მოქალაქეობა აქვს. დაუზუსტებელი მონაცემებით, ცხინვალის რეგიონში ცხოვრობს 53 ათასზე მეტი ადამიანი, ხოლო აფხაზეთში - 240 ათასამდე.

XS
SM
MD
LG