Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის ქალაქ ბელგოროდიდან ისევ სარაკეტო თავდასხმის შესახებ იუწყებიან


რუსი მეხანძრეები ქალაქ ბელგოროდის რაიონში, სადაც ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, 30 დეკემბერს სარაკეტო შეტევა იყო
რუსი მეხანძრეები ქალაქ ბელგოროდის რაიონში, სადაც ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, 30 დეკემბერს სარაკეტო შეტევა იყო

დღეს, 3 იანვარს დილით, რუსეთის ქალაქ ბელგოროდში განგაში გამოაცხადეს. ბელგოროდის ოლქის გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა ადგილობრივი დროით დილის 8 საათისთვის ტელეგრამ-არხით გაავრცელა ინფორმაცია, რომ განგაში სარაკეტო თავდასხმის საფრთხეს უკავშირდება და ქალაქის მცხოვრებთ მოუწოდა, ფანჯრებს ნუ მიუახლოვდებიან, ხოლო თუ ქუჩაში არიან, თავი უსაფრთხო ადგილებს შეაფარონ.

დაახლოებით 40 წუთით ადრე გლადკოვმა ტელეგრამზე დაწერა, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემამ ქალაქ ბელგოროდთან „ჩამოაგდო რამდენიმე საჰაერო მიზანი“.

რუსეთი ბელგოროდზე თავდასხმებში უკრაინის არმიას ადანაშაულებს. უკრაინის შეიარაღებულ ძალებში ოფიციალურ კომენტარს არ აკეთებენ. ბელგოროდის ოლქი უკრაინის ხარკოვის, ლუგანსკისა და სუმის ოლქებს ესაზღვრება.

2 იანვარს ბელგოროდის ოლქის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ 4 სარაკეტო შეტევის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა და 11 დაიჭრა. რუსეთის ოფიციალური ინფორმაციით, ქალაქ ბელგოროდზე სარაკეტო იერიში განხორციელდა 30 დეკემბერსაც. ოლქის გუბერნატორის ინფორმაციით, დაიღუპა 25 და დაიჭრა 100-ზე მეტი ადამიანი.

ბელგოროდზე 30 დეკემბრის შეტევის შემდეგ, რომელსაც რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა ტერორისტული აქტი უწოდა, რუსეთის არმიამ გააძლიერა რაკეტებით და დრონებით თავდასხმები უკრაინის ქალაქებზე, მათ შორის ხარკოვსა და კიევზე.

XS
SM
MD
LG