Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„უკრაინას შორ მანძილზე მოქმედი რაკეტები უნდა მიეცეს“ - რადოსლავ შიკორსკი


პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რადოსლავ შიკორსკი
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რადოსლავ შიკორსკი

29 დეკემბერსა და 2 იანვარს რუსეთის მიერ უკრაინის ქალაქების მასიურ დაბომბვაზე დასავლელი პარტნიორების რეაქცია უნდა იყოს მოსკოვისადმი უფრო მკაცრი სანქციები და უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების მიწოდება, - მიიჩნევს პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რადოსლავ შიკორსკი.

„უკრაინაზე უკანასკნელ თავდასხმას პუტინისთვის გასაგებ ენაზე უნდა ვუპასუხოთ: სანქციების გამკაცრებით, რათა მან კონტრაბანდული კომპონენტებით ახალი იარაღი ვერ შექმნას და კიევისთვის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების გადაცემით, რაც მას გამშვები და სამეთაურო ცენტრების განადგურების საშუალებას მისცემს“, - წერს შიკორსკი სოციალურ ქსელ X-ში (ყოფილ ტვიტერში).

2 იანვარს მსგავსი მოსაზრებები გამოთქვა ბუნდესტაგის თავდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელმა, თავისუფალი დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელმა მარი-აგნეს სტრაკ-ზიმერმანმა.

"უკრაინას სჭირდება მეტი საბრძოლო მასალა, მეტი სათადარიგო ნაწილები და გერმანიამ დაუყოვნებლივ უნდა გაუგზავნოს Taurus-ის კლასის რაკეტები, რათა რუსეთს უფრო გაუჭირდეს რეზერვების შევსება", - ციტირებს სტარ-ზიმერმანს პორტალი t-online.

გერმანიის მთავრობა მთელი 2023 წლის განმავლობაში განიხილავდა ბუნდესვერის შეიარაღებაში არსებული შორი მოქმედების ფრთოსანი რაკეტა Taurus-ების უკრაინისთვის გადაცემის შესაძლებლობას, მაგრამ საკითხი გაჭიანურდა კანცლერ ოლაფ შოლცის პოზიციის გამო - მას რაკეტების მოდიფიცირება უნდა.

„შპიგელის“ თანახმად, ლაპარაკია ისეთი სახის ტექნიკური ცვლილებების შეტანაზე, რომლის შემდეგ კიევი აღნიშნულ რაკეტების გამოყენებას ვერ შეძლებს რუსეთზე იერიშებისთვის. აქ არ იგულისხმება ოკუპირებული ყირიმი, რომელსაც საერთაშორისო საზოგადოება არ აღიარებს რუსეთის ტერიტორიად.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, 2024 წელს ყირიმი და მასთან დაკავშირებული ბრძოლა შავ ზღვაზე ომის სიმძიმის ცენტრი გახდება.

„2014 წელს რუსეთის მიერ უკანონოდ ანექსირებული ყირიმის იზოლაცია და იქ რუსეთის სამხედრო შესაძლებლობების დეგრადაცია ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, რადგან ეს არის გზა ამ რეგიონიდან თავდასხმების რაოდენობის შესამცირებლად“, - აღნიშნა ზელენსკიმ "ეკონომისტთან" ინტერვიუში.

XS
SM
MD
LG