Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების მთავარ მწვრთნელად სერბი ალეკსანდარ ძიკიჩი დაინიშნა


ალეკსანდარ ძიკიჩი
ალეკსანდარ ძიკიჩი

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებს ალეკსანდარ ძიკიჩი გაწვრთნის. ორმოცდათორმეტი წლის სერბ სპეციალისტთან უკვე ოფიციალურად გაფორმდა კონტრაქტი, რომლის თანახმადაც, ის საქართველოს ნაკრებს ევროპის 2025 წლის ჩემპიონატის ჩათვლით უხელმძღვანელებს.

ალეკსანდარ ძიკიჩი გასულ სეზონში იერუსალიმის „ჰაპოელს“ ხელმძღვანელობდა და ისრაელის ლიგის 2023 წლის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს. საკლუბო კარიერის გამო ერთხანს საქართველოს კალათბურთის ფედერაციასთან მოლაპარაკება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა, მაგრამ რამდენიმე დღის წინ მწვრთნელმა საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო - „ჰაპოელი“ დატოვა და მხოლოდ საქართველოს ნაკრებში იმუშავებს.

საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ალეკსანდარ ძიკიჩის ასისტენტები იქნებიან ანატოლი ბოისა და მანუჩარ მარკოიშვილი, რომლებიც ამ პოზიციაზე ეროვნულ გუნდში ილიას ზუროსთან ერთად ბოლო წლებში მუშაობდნენ. ბოისა საქართველოს სუპერლიგაში მოთამაშე "რუსთავის" მთავარი მწვრთნელია, ხოლო მარკოიშვილი ევროლიგის კლუბ "მონაკოში" - საშა ობრადოვიჩის ასისტენტი.

საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი 2023 წლის სექტემბერში გათავისუფლდა, მას შემდეგ, რაც ბერძენ ილიას ზუროსთან მეორე ვადით გაგრძელებული კონტრაქტი ამოიწურა. ზუროსმა საქართველოში რვა წელი იმუშავა.

ალეკსანდარ ძიკიჩმა სამწვრთნელო კარიერა 1991 წელს დაიწყო, ოცი წლის ასაკში. მისი გაწვრთნილი გუნდები სხვადასხვა წლებში გამხდარან ადრიატიკის ლიგისა და მონტენეგროს ჩემპიონატის გამარჯვებულები, სლოვენიისა და ისრაელის თასის მფლობელები, ხოლო 2011 წელს მისმა გაწვრთნილმა „კრკა-მ" ფიბას ევროჩელენჯის თასი მოიპოვა.

2022-2023 წლების სეზონში ძიკიჩის ხელმძღვანელობით „ჰაპოელმა“ ფიბას ჩემპიონთა ლიგის ფინალში ითამაშა, სადაც გერმანიის „ტელეკომთან“ წააგო.

XS
SM
MD
LG