Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანიის საკონსტიტუციო სასამართლომ უარი თქვა ოლიგარქ უსმანოვის საჩივრის განხილვაზე


ფოტო არქივიდან. ალიშერ უსმანოვი
ფოტო არქივიდან. ალიშერ უსმანოვი

გერმანიის ფედერალურმა საკონსტიტუციო სასამართლომ უარი თქვა განეხილა საჩივარი, რომელიც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან დაახლოებული ოლიგარქის, ალიშერ უსმანოვის იახტა „დილბარზე“ 2022 წლის შემოდგომაზე ჩატარებულ ჩხრეკას ეხებოდა. უსმანოვი ჩიოდა, რომ ჩხრეკამ ხელყო მისი ადამიანური ღირსება და დაარღვია საცხოვრებლის ხელშეუხებლობის უფლება. ოლიგარქის ადვოკატებმა გერმანიის საკონსტიტუციო სასამართლოს 2023 წლის ზაფხულში მიმართეს.

რუსეთის ერთ-ერთი უმსხვილესი სამთო-მეტალურგიული ჰოლდინგის, „მეტალოინვესტის" მფლობელი, მილიარდერი ალიშერ უსმანოვი მათ შორისაა, ვის წინააღმდეგაც საერთაშორისო სანქციები მოქმედებს უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის გამო.

გერმანიის ფედერალურმა საკონსტიტუციო სასამართლომ ჯერ კიდევ 2023 წლის ნოემბერში მიღებული გადაწყვეტილება ოფიციალურად გამოაქვეყნა 2024 წლის 4 იანვარს. ტექსტში უსმანოვი მოხსენიებულია, როგორც „უზბეკეთის და რუსეთის მოქალაქე“. გერმანული მაუწყებლის, „დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, საკონსტიტუციო სასამართლომ საჩივრის განხილვაზე უარი იმით ახსნა, რომ მისთვის მიმართვამდე მომჩივანს ყველა შესაძლო იურიდიული საშუალება არ გამოუყენებია და ამასთან, საკმარისად ვერც ის დაასაბუთა, რომ იახტა მართლაც მისი პირადი სივრცე იყო.

გერმანიის პროკურატურამ გადასახადებისთვის თავის არიდებაში, ქონების დამალვასა და ევროკავშირის სანქციების დარღვევაში ეჭვმიტანილი უსმანოვის სახლებსა და იახტა „დილბარზე“ ჩხრეკა 2022 წლის სექტემბერში ჩაატარა. ოლიგარქის ადვოკატების თანახმად, ეს ქონება ეკუთვნის ფონდებს, რომლებსაც უსმანოვი არ აკონტროლებს. 2023 წლის მაისში, ფრანკფურტის სასამართლომ ჩხრეკა უკანონოდ მიიჩნია.

გამოცემა „ფორბსის“ თანახმად, ალიშერ უსმანოვს 14,4 მილიარდი დოლარის ქონება აქვს. უკრაინაში ომის დაწყებამდე უსმანოვი ძირითადად ცხოვრობდა გერმანიაში, ბავარიაში მდებარე რეზიდენციაში.

პუტინთან დაახლოებულ ოლიგარქს სასამართლოში აქვს გასაჩივრებული მის წინააღმდეგ მოქმედი სანქციებიც.

2023 წლის მარტში გამოცემა „ფორბსი“ წერდა, რომ ალიშერ უსმანოვმა იახტა „დილბარი“ 2016 წელს 600 მილიონ დოლარად იყიდა გერმანული გემთმშენებელი კომპანიისგან Lürssen. უსმანოვის დაკვეთით, იახტას 52 თვის განმავლობაში ამზადებდნენ. „დილბარს“ იახტებს შორის ყველაზე დიდი აუზი და ვერტმფრენის დასაჯდომად განკუთვნილი ორი მოედანი აქვს. ოფიციალური დოკუმენტებით, „დილბარი“ უსმანოვის დის მფლობელობაშია.

XS
SM
MD
LG