ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ევროპარლამენტის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას და ვადამდე დატოვებს თავის პოსტს, რადგან ამ თანამდებობის პარლამენტის დეპუტატობასთან შეთავსება არ შეიძლება.
მიშელმა პრესას აცნობა, რომ ამ პოსტზე მისი შემცვლელის ვინაობა ივნისის ბოლოს ან ივლისის დასაწყისში გახდება ცნობილი.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი არჩევნებში მონაწილეობას ბელგიის ლიბერალური პარტიის, „რეფორმისტული მოძრაობის“ სახელით მიიღებს. ის ამ პარტიას 2011-2019 წლებში თავმჯდომარეობდა.
მიშელი თავის ახლანდელ მოვალეობას შეასრულებს 16 ივლისამდე, სანამ დადებს ევროპარლამენტის წევრის ფიცს. თუ ამ დროისთვის არ განისაზღვრება მისი მემკვიდრის კანდიდატურა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მოვალეობას შეასრულებს უნგრეთის წარმომადგენელი, რადგან ამ დროისთვის სწორედ ეს ქვეყანა იქნება ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარე.
შარლ მიშელი 48 წლისაა. ის ევროპული საბჭოს პრეზიდენტია 2019 წლიდან. მანამდე მას ბელგიის პრემიერ-მინისტრის პოსტი ეკავა.
მიშელს უფლებამოსილების ვადა წელს, ნოემბერში, ეწურება. ევროპული საბჭოს პრეზიდენტს ნიშნავენ ორ-ნახევარი წლით, ამავე ვადით უფლებამოსილების გაგრძელების შესაძლებლობით.