Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ამინდის გაუარესების გამო დაკეტეს რუსეთთან დამაკავშირებელი გზა


როკის გვირაბი
როკის გვირაბი

ოკუპირებული ცხინვალის რუსეთთან დამაკავშირებელი გზა ორშაბათს საღამოს დაკეტეს. ამის შესახებ დე ფაქტო რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს პრესსამსახურში განაცხადეს. მათივე ინფორმაციით, მთაში გადაუღებლად თოვს, რაც ზვავსაშიშროებას ქმნის. ცენტრალურ მაგისტრალზე ასეთ პირობებში გადაადგილება კი საფრთხის შემცველია.

ამჟამად როკის გვირაბისკენ გადაადგილება აკრძალულია ყველა სატრანსპორტო საშუალებისთვის. დე ფაქტო უწყებაში არ აზუსტებენ, როდის გაიხსნება გზა. ამბობენ მხოლოდ იმას, რომ ეს ყველაფერი მეტეოროლოგიურ პირობებზეა დამოკიდებული.

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონს რუსეთთან ერთადერთი გზა აკავშირებს. გზის სიგრძე 164 კმ-ია. ავდრის, დიდთოვლობისა და ზვავების გამო, ზამთარში მაგისტრალი გარკვეული დროით იკეტება და ოკუპირებული რეგიონი იზოლირებული რჩება ხოლმე. ეს მაგისტრალი მაღალმთიან რელიეფზე გადის და ზამთრის გარდა, გაზაფხულზე მეწყერიც ქმნის პრობლემებს.

ოკუპირებული რეგიონის გარდა, ამინდის გაუარესებას ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ელოდებიან. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მომდევნო სამი დღის განმავლობაში მოსალოდნელია თოვლი, ქარბუქი და მეწყრული პროცესები. კერძოდ, სააგენტოში აცხადებენ, რომ 9-11 იანვარს საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, მთაში და მაღალ მთაში - თოვლი, ზოგან - ძლიერი. ასევე - ნისლი, ქარბუქი, გზებზე ლიპყინული და ზვავსაშიშროება. ზღვაზე შესაძლებელია 3-4-ბალიანი შტორმული ღელვა. დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის, ლიპყინულისა და ზვავსაშიშროების გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა. მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია, დასავლეთ საქართველოს მდინარეები აადიდოს, ხოლო გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესები გამოიწვიოს.

XS
SM
MD
LG