საქართველოს 6 კინოთეატრი, რომლებიც კონკურენციის სააგენტომ სოლიდური თანხით დააჯარიმა, ამ გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავს. ამის შესახებ რადიო თავისუფლებას განუცხადა მათმა პრესსამსახურმა.
დღეს, 9 იანვარს, ცნობილი გახდა, რომ კონკურენციის სააგენტომ კინოთეატრებს დაუდგინა "კონკურენციის შესახებ" კანონის მე-7 მუხლის (კონკურენციის საწინააღმდეგო შეთანხმება) დარღვევა და 1 120 562 ლარით დააჯარიმა. სააგენტოს გადაწყვეტილებით გაირკვა, რომ შპს "სადისტრიბუციო კომპანიასა" და შპს "თინეთს" შორის დადებული ხელშეკრულებით, კინოთეატრების ბილეთები ექსკლუზიურად მხოლოდ tkt.ge-ზე იყიდებოდა.
დაკისრებული ჯარიმები:
- "სადისტრიბუციო კომპანიას" ("სადისტრიბუციო კომპანია", შპს "კავეა საბურთალო", შპს "კავეა გალერეა", შპს "კავეა თბილისი მოლი", შპს "რუსთაველი ჰოლდინგ სინემა", შპს "ამირანი", შპს "აპოლო ბათუმი") - 1 120 562 ლარი;
- შპს "თინეთს" (100% წილის მფლობელი TBC Bank Group PLC) - 544 328 ლარი.
- ჯარიმა (5368 ლარი) ასევე დაეკისრა საჩივრის ავტორს, შპს "ელ.ბილეთებსაც" (biletebi.ge), სწორედ იმის გამო, რომ ისიც "ცდილობდა ექსკლუზივის მოპოვებას".
"სააგენტოს გადაწყვეტილებით, კანონდარღვევის აღმოფხვრის მიზნით, მოპასუხე კომპანიებს შპს „სადისტრიბუციო კომპანიასა“ და შპს „თინეთს“ დაევალათ - შპს „სადისტრიბუციო კომპანიასა“ და შპს „ონლაინ თიქეთსს“ (სამართალმემკვიდრე შპს „თინეთი“) შორის დადებული ხელშეკრულების მე-6 მუხლისა („ექსკლუზივი“) და მასთან დაკავშირებული უფლება-მოვალეობების ამოღება და ხელშეკრულების კონკურენციის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა", - წერია კონკურენციის სააგენტოს განცხადებაში.