Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლიეტუვა უკრაინას 200 მლნ ევროს სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გამოუყოფს


უკრაინისა და ლიეტუვის პრეზიდენტები, ვოლოდიმირ ზელენსკი (მარცხნივ) და გიტანას ნაუსედა. ვილნიუსი, 10 სექტემბერი, 2024.
უკრაინისა და ლიეტუვის პრეზიდენტები, ვოლოდიმირ ზელენსკი (მარცხნივ) და გიტანას ნაუსედა. ვილნიუსი, 10 სექტემბერი, 2024.

ლიეტუვა უკრაინას 200 მილიონი ევროს მოცულობის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გამოუყოფს. ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ გამოაცხადა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

„იანვარში კვლავ გავუგზავნით უკრაინას ამუნიციას, გენერატორებსა და დეტონაციის სისტემებს, თებერვალში კი М5777 ჯავშანტრანსპორტიორებს“, - დააზუსტა ნაუსედამ. გარდა ამისა, მან თქვა, რომ ლიეტუვას გადაწყვეტილი აქვს, გააგრძელოს უკრაინელი სამხედროების თავისთან მომზადება და თანამშრომლობის გაღრმავება სამხედრო მრეწველობის სფეროში.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ლიეტუვის პრეზიდენტს დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა და განსაკუთრებით აღნიშნა ლიეტუველი სპეციალისტების წვლილი უკრაინის საჰაერო თავდაცვასა და დრონების წინააღმდეგ ბრძოლაში.

ზელენსკი ოთხშაბათს ჩავიდა ვილნიუსში. მისი ვიზიტი წინასწარ გამოცხადებული არ ყოფილა. ლიეტუვის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტი ესტონეთს და ლატვიას ეწვევა. ყოფილი საბჭოთა კავშირის ეს სამი რესპუბლიკა, რომლებიც დღეს ნატოს და ევროკავშირის წევრები არიან, უკრაინის ერთ-ერთ ყველაზე საიმედო მოკავშირეებად რჩებიან.

რუსეთთან ომში მყოფი უკრაინა დასავლელი პარტნიორებისგან ითხოვს დამატებით სამხედრო და ფინანსურ დახმარებას. ვილნიუსში ჩასულმა ზელენსკიმ სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი უკრაინის საიმედო მეგობრები და პრინციპული პარტნიორები არიან.

უკრაინის პრეზიდენტის ინფორმაციით, ბალტიის ქვეყნებში ვიზიტისას განიხილავს უსაფრთხოების, ევროპის შემდგომი მხარდაჭერის კოორდინაციისა და ევროკავშირსა და ნატოში უკრაინის ინტეგრაციის საკითხებს.

XS
SM
MD
LG