Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საგარეო საქმეთა სამინისტრო: ხარკოვში დაშავებულმა საქართველოს მოქალაქემ კლინიკა უკვე დატოვა


რუსეთის სარაკეტო შეტევის შედეგად განადგურებული სასტუმრო ხარკოვში. 2024 წლის 11 იანვარი
რუსეთის სარაკეტო შეტევის შედეგად განადგურებული სასტუმრო ხარკოვში. 2024 წლის 11 იანვარი

საქართველოს მოქალაქემ, რომელიც უკრაინის ქალაქ ხარკოვზე სარაკეტო დარტყმის შედეგად დაშავდა, საავადმყოფო უკვე დატოვა. ამის შესახებ რადიო თავისუფლებას უთხრეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში. მისი ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქემ „მსუბუქი დაზიანება მიიღო“ და პირველადი დახმარება აღმოუჩინეს ხარკოვის საავადმყოფოში, რომელიც გამთენიისას დატოვა.

ხარკოვის საოლქო პროკურატურამ გასული ღამით განაცხადა, რომ ქალაქის ცენტრში მდებარე სასტუმროზე რუსეთის საოკუპაციო ძალების სარაკეტო შეტევის შედეგად დაჭრილთა შორისაა საქართველოს ერთი და თურქეთის ერთი მოქალაქე, რომლებიც თურქული მედიის წარმომადგენლები არიან. რომელი მედიასაშუალების, დაკონკრეტებული არ ყოფილა.

ხარკოვის პროკურატურის მიერ დღეს, 11 იანვარს დილით, დაზუსტებული ინფორმაციით, 10 დეკემბერს ღამით განხორციელებული სარაკეტო შეტევისას სასტუმროში მყოფი 13 ადამიანი დაშავდა. 3-სართულიანი შენობა ნაწილობრივ დაინგრა. საოლქო პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა ომის წესების და კანონების დარღვევის მუხლით.

გამოძიების წინასწარი ინფორმაციით, რუსეთმა ქალაქ ხარკოვზე წუხანდელი შეტევა ბელგოროდის ოლქიდან განახორციელა.

XS
SM
MD
LG