Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეერთებულმა შტატებმა რუსეთს სანქციები დაუწესა უკრაინაში კორეული რაკეტების გამოყენებისთვის


უკრაინელი სამხედრო ათვალიერებს რუსეთის მიერ გამოყენებული, სავარაუდოდ, ჩრდილოეთკორეული რაკეტის ფრაგმენტებს ხარკოვში. 2024 წლის 2 იანვარი
უკრაინელი სამხედრო ათვალიერებს რუსეთის მიერ გამოყენებული, სავარაუდოდ, ჩრდილოეთკორეული რაკეტის ფრაგმენტებს ხარკოვში. 2024 წლის 2 იანვარი

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სანქციები დაუწესა რუსეთის სამ იურიდიულ და ერთ ფიზიკურ პირს, რომლებსაც ვაშინგტონის ინფორმაციით, კავშირი აქვთ ჩრდილოეთ კორეისგან ბალისტიკური რაკეტების მიღებასთან, უკრაინის წინააღმდეგ მათი გამოყენების მიზნით.

შეერთებულმა შტატებმა პირველად 4 იანვარს განაცხადა, რომ ფხენიანმა რუსეთს მიაწოდა ბალისტიკური რაკეტების გასაშვები დანადგარები და რამდენიმე ბალისტიკური რაკეტა და ერთი მათგანი რუსეთმა უკრაინაში 30 დეკემბერს გამოიყენა. ამერიკული წყაროების ცნობით, რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან შეძენილი რაკეტა უკრაინის წინააღმდეგ გამოიყენა 2 იანვარსაც. მოსკოვი ამას უარყოფს.

სანქციების დაწესების გადაწყვეტილება 12 იანვარს გამოაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა.

აშშ-ის მიერ სანქცირებულთა შორის არიან რუსეთის სახელმწიფო ავიაკომპანია, თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურაში მყოფი „224 მფრინავი რაზმი“, მისი დირექტორი ვლადიმირ მიხეიჩიკი და ასტრახანის ოლქში მდებარე ორი პოლიგონი.

უკრაინის გენერალურმა პროკურორმა ანდრი კოსტინმა 11 იანვარს ღამით ეროვნული ტელემარათონის ეთერში პირველად განაცხადა, რომ წინასწარი სამეცნიერო-ტექნიკური ექსპერტიზის შედეგებით დასტურდება, რომ 2 იანვარს ხარკოვში აფეთქდა ჩრდილოეთ კორეაში შემუშავებული რაკეტა.

კოსტინის ინფორმაციით, რაკეტის საბოლოოდ იდენტიფიცირების მიზნით კომპლექსური ექსპერტიზა მიმდინარეობს.

9 იანვარს ევროკავშირმა გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც დაგმობილია რუსეთის მიერ ჩრდილოეთ კორეისგან ბალისტიკური რაკეტების შეძენა და უკრაინაში გამოყენება. ამ განცხადებას ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების გარდა, შეუერთდნენ აშშ, კანადა, ავსტრალია, დიდი ბრიტანეთი, არგენტინა, ისრაელი, უკრაინა, საქართველო და მოლდოვა.

XS
SM
MD
LG