Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

2023 წელს, რუსეთში, ყველაზე ცოტა ბავშვი დაიბადა 1991 წლის შემდეგ


ბოლოს შობადობის ვარდნა რუსეთში 1999 წელს დაფიქსირდა. საილუსტრაციო ფოტო.
ბოლოს შობადობის ვარდნა რუსეთში 1999 წელს დაფიქსირდა. საილუსტრაციო ფოტო.

2023 წელს, რუსეთში შობადობის შემცირებამ რეკორდულ დონეს მიაღწია სსრკ-ს დაშლის შემდეგ, - ამის შესახებ განაცხადა დემოგრაფმა ალექსეი რაკშამ, რეესტრისა და რუსეთის სტატისტიკური სამსახურის მონაცემების გაანალიზების შემდეგ.

მისი გათვლებით, გასულ წელს რუსეთში 1,213 მილიონი ბავშვი დაიბადა. ამ მონაცემებში არ შედის ანექსირებული ყირიმი და ასევე, ჩეჩნეთი, რომელთა სტატისტიკა ჯერ არ გამოქვეყნებულა.

ბოლოს რუსეთში შობადობის ვარდნა 1999 წელს დაფიქსირდა.

2023 წელს რუსების სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა დაახლოებით 73,5 წელი იყო, რაც წინა წლებთან შედარებით, უფრო მაღალი მაჩვენებელია.

რაკშა ეჭვობს, რომ უკრაინაში, ფრონტზე დაღუპულთა 30-40% ამ სტატისტიკაში შეტანილი არ უნდა იყოს, რამაც, შესაძლოა, სიცოცხლის ხანგრძლივობის მაჩვენებელი შეამციროს „ორი მეათედით, ხოლო მამაკაცებისთვის - ორჯერ მეტად“.

რუსი დემოგრაფები, მათ შორის, ოფიციალური სტრუქტურების წარმომადგენლები, ქვეყანაში შობადობის შემცირებას ვარაუდობდნენ:

რუსეთის სოციალურმა ფონდმა, შარშან შემოდგომაზე გამოაქვეყნა პროგნოზი, რომლის მიხედვითაც 2023 წელს, ქვეყანაში, 1,245 მილიონი ადამიანი დაიბადებოდა, 2024 წელს - 1,172 მილიონი, 2025 წელს 1,153 მლნ, ხოლო 2026 წელს - 1,143 მლნ.

შობადობის შემცირების საკითხს რუსეთის ხელისუფლება რეგულარულად განიხილავს და „დემოგრაფიის ამაღლების“ მიზნით, ხელისუფლების წარმომადგენლები ხშირად გამოდიან ინიციატივებით, შეზღუდონ აბორტი და გაზარდონ ხელმისაწვდომობა კონტრაცეფციის საშუალებებზე. ჯანდაცვის მინისტრმა მიხაილ მურაშკომ „მანკიერი პრაქტიკა“ უწოდა ქალების სურვილს, ჯერ განათლება მიიღონ და ფინანსურად უზრუნველყონ საკუთარი თავი და მხოლოდ ამის შემდეგ იფიქრონ შვილების გაჩენაზე.

XS
SM
MD
LG