Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიუ-იორკისკენ მიმავალმა ლავროვმა ისევ აუარა გვერდი „არამეგობრულ ქვეყნებს“


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ჩავიდა ნიუ-იორკში, სადაც მონაწილეობა უნდა მიიღოს გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომებში. საბჭომ უკრაინასა და ახლო აღმოსავლეთში არსებულ ვითარებაზე უნდა იმსჯელოს.

რუსული სააგენტო „ტასი“ წერს, რომ ლავროვის თვითმფრინავმა გვერდი აუარა „არამეგობრულ ქვეყნებს“ და მოსკოვიდან ნიუ-იორკში ჩრდილოეთის გზით 12 საათსა და 45 წუთში ჩაფრინდა, „ყოველგვარი გაუთვალისწინებელი გარემოებების" გარეშე.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ნიუ-იორკამდე ამ გზით ჩავიდა 2023 წლის სექტემბერშიც, გაეროს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიაზე დასასწრებად.

რუსეთს „არამეგობრულ ქვეყნებად“ გამოცხადებული ჰყავს სახელმწიფოები, რომლებმაც უკრაინის წინააღმდეგ ომის გამო სანქციები დაუწესეს. მათ შორის, რუსულ თვითმფრინავებს აუკრძალეს თავიანთ საჰაერო სივრცეში მიმოსვლა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ლავროვი ნიუ-იორკში იქნება 22-24 იანვარს და გაეროს უშიშროების საბჭოს დებატებში მონაწილეობის გარდა, გამართავს „რამდენიმე ორმხრივ შეხვედრას“. ვისთან, საგარეო საქმეთა სამინისტროს წინასწარ არ უთქვამს.

უკრაინის წინააღმდეგ ომის გამო, სერგეი ლავროვი აშშ-ის მიერ სანქცირებულთა შორისაა, თუმცა, როცა საქმე ეხება გაეროს, მას შეერთებული შტატების ტერიტორიაზე შესვლას არ უკრძალავენ, რადგან ამ შემთხვევაში ითვლება გაეროს და არა ოფიციალური ვაშინგტონის სტუმრად.

XS
SM
MD
LG