Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოკუპირებული ცხინვალის რუსეთთან დამაკავშირებელ გზაზე ზვავი ჩამოწვა


ოკუპირებული ცხინვალის რუსეთთან დამაკავშირებელი გზა
ოკუპირებული ცხინვალის რუსეთთან დამაკავშირებელი გზა

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. საგანგებო სიტუაციების სამინისტრომ სამშაბათს საღამოს გაავრცელა განცხადება რუსეთთან დამაკავშირებელი გზის დაკეტვის შესახებ.

უწყების ცნობაში ნათქვამია, რომ ამინდის გაუარესებისა და გზაზე ზვავის ჩამოწოლის გამო, გზა ყველა სახის ტრანსპორტისთვის რამდენიმე საათით იკეტება.

"ავტომაგისტრალზე მოძრაობა ორი საათით შეჩერდება, ამ დროის განმავლობაში სპეციალისტები ზვავსაშიშ ფერდობებზე სადაზვერვო სამუშაოებს ჩაატარებენ", - ნათქვამია დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. საგანგებო სიტუაციების სამინისტროს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ამჟამად როკის გვირაბის სიახლოვეს გზის გამწმენდი სამუშაოები მიმდინარეობს. სპეციალისტების თქმით, გადაადგილება ცოტა ხანში გახდება შესაძლებელი. ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონს რუსეთთან ერთადერთი გზა აკავშირებს, რომელიც მთიან რელიეფზე გადის. მისი სიგრძე 164 კმ-ია.

ავდრის, დიდთოვლობისა და ზვავების გამო, ზამთარში მაგისტრალი გარკვეული დროით იკეტება და ოკუპირებული რეგიონი იზოლირებული რჩება ხოლმე. ეს მაგისტრალი მაღალმთიან რელიეფზე გადის და ზამთრის გარდა, გაზაფხულზე მეწყერიც ქმნის პრობლემებს.

XS
SM
MD
LG