Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის დაზვერვა: რუსეთს არ შეუტყობინებია ტყვეების თვითმფრინავით ტრანსპორტირების შესახებ


რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ 24 იანვარს ბელგოროდის ოლქში ჩამოვარდა სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი ილ-76, რომელშიც უკრაინელი სამხედრო ტყვეები იმყოფებოდნენ.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ 24 იანვარს ბელგოროდის ოლქში ჩამოვარდა სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი ილ-76, რომელშიც უკრაინელი სამხედრო ტყვეები იმყოფებოდნენ.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარმა სამმართველომ ბელგოროდის ოლქში რუსული სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავის, ილ-76-ის ჩამოვარდნის შესახებ გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც რუსეთის მხარეს აკისრებს ტყვეთა ტრანსპორტირების პასუხისმგებლობას.

დაზვერვის თანახმად, ამ მომენტისთვის არ მოიპოვება სანდო და ამომწურავი ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ ვინ იმყოფებოდა თვითმფრინავში და რა რაოდენობით.

სამმართველოს განცხადების მიხედვით, უკრაინელი სამხედრო ტყვეების უსაფრთხოება რუსეთის მხარეს უნდა უზრუნველეყო. ცნობაში ნათქვამია, რომ „უკრაინის მხარისთვის არ შეუტყობინებიათ ქალაქ ბელგოროდის რაიონში საჰაერო სივრცის უსაფრთხოების უზრუნველყოფის აუცილებლობა გარკვეული დროის მონაკვეთისთვის, როგორც ეს არაერთხელ გაკეთებულა წარსულში.“ დაზვერვის მთავარი სამმართველო ირწმუნება, რომ უკრაინის მხარისთვის ასევე არ შეუტყობინებიათ სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა, ტყვეთა ტრანსპორტირების მარშრუტები და ფორმები.

„ეს შესაძლოა მოწმობდეს რუსეთის განზრახ ქმედებებზე, რომლებიც ტყვეთა სიცოცხლისა და უსაფრთხოებისთვის საფრთხის შექმნისკენ იყო მიმართული. საბრძოლო მოქმედებების ზონიდან 30 კილომეტრში სატრანსპორტო თვითმფრინავის დაჯდომა შეიძლება არ იყოს უსაფრთხო და ყველა შემთხვევაში უნდა განხილულ იქნეს ორივე მხარის მიერ. წინააღმდეგ შემთხვევაში ხომ ეს გაცვლის მთელს პროცესს უქმნის საფრთხეს. აქედან გამომდინარე, შესაძლოა საქმე ეხებოდეს რუსეთის დაგეგმილ და განზრახ მოქმედებებს უკრაინაში ვითარების დესტაბილიზაციისა და ჩვენი სახელმწიფოს საერთაშორისო მხარდაჭერის შესუსტების მიზნით“, - ნათქვამია განცხადებაში.

დაზვერვის მთავარი სამმართველო აცხადებს, რომ უკრაინამ, თავის მხრივ, ყველა შეთანხმება შეასრულა ტყვეთა გაცვლის მოსამზადებლად.

იმის შესახებ, რომ ილ-76-მა ავარია განიცადა, ოთხშაბათს დილით განაცხადა რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ. მასში, როგორც ცნობაშია ნათქვამი, იმყოფებოდა უკრაინის შეიარაღებული ძალების 65 სამხედრო, რომლებიც ბელგოროდის ოლქში მიჰყავდათ გასაცვლელად, ასევე ეკიპაჟის ექვსი წევრი და სამი თანმხლები პირი. ხელისუფლების ცნობით, 74-ვე ადამიანი დაიღუპა. უკრაინის დაზვერვის მთავარმა სამმართველომ ამის შემდეგ დაადასტურა, რომ 24 იანვარს ტყვეების გაცვლა უნდა შემდგარიყო.

„უკრაინსკა პრავდა“ და RBC Ukraine წყაროებზე დაყრდნობით იტყობინებოდნენ, რომ ილ-76 უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ჩამოაგდეს. გამოცემათა თანახმად, თვითმფრინავს S-300 საზენიტო რაკეტები გადაჰქონდა ხარკოვის ოლქის დასაბომბად. მოგვიანებით გამოცემებმა ეს ცნობა შეცვალეს და ამოიღეს ის ნაწილი, რომელშიც საუბარი იყო თვითმფრინავის ჩამოვარდნასთან უკრაინის შეიარაღებული ძალების კავშირზე.

XS
SM
MD
LG