Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის სახელმწიფო დუმამ მიიღო კანონპროექტი "ფეიკებისთვის" ქონების კონფისკაციის შესახებ


საილუსტრაციო ფოტო: რუსეთის სახელმწიფო დუმის სხდომა. მოსკოვი, 18 ოქტომბერი, 2023.
საილუსტრაციო ფოტო: რუსეთის სახელმწიფო დუმის სხდომა. მოსკოვი, 18 ოქტომბერი, 2023.

რუსეთის სახელმწიფო დუმამ მეორე წაკითხვით ერთხმად მიიღო კანონპროექტი სხვადასხვა მუხლით, მათ შორის რუსეთის არმიაზე „ფეიკებისთვის“ გასამართლებულთა ქონების კონფისკაციის შესახებ.

კანონპროექტში ჩამოთვლილია რამდენიმე მუხლი. გარდა "ფეიკებისა", მათ შორის არის დეზერტირობა, ბრძანების შეუსრულებლობა და არასასურველ ორგანიზაციაში მონაწილეობა. ამ მუხლების უმრავლესობა უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ დაემატა სისხლის სამართლის კოდექსს.

კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს მითითებული მუხლებით გასამართლებულთათვის საპატიო წოდებების ჩამორთმევას.

სახელმწიფო დუმის თავმჯდომარემ, ვიაჩესლავ ვოლოდინმა ჯერ კიდევ 2023 წლის იანვარში განაცხადა, რომ უნდა მიიღონ „კანონი არამზადებისთვის“ და ქონება ჩამოართვან რუსეთიდან წასულ იმ მოქალაქეებს, რომლებიც მხარს უკრაინას უჭერენ. ქონების კონფისკაციას მოითხოვდა რუსეთში საზოგადოებრივი ორგანიზაციის სტატუსით მოქმედი არაერთი გაერთიანებაც.

მსგავსი განცხადება გააკეთა რუსეთის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის დეპუტატმა ანდრეი ლუგოვოიმ. „ნებისმიერი, ვინც შეეცდება, ზარალი მიაყენოს სამშობლოს, ყველაფერს დაკარგავს და ძაღლივით მოკვდება იქ, ჩვენი ქვეყნის გარეთ“, - ახსნა მან კანონპროექტის აზრი.

ახლა კანონპროექტი ფედერაციის საბჭომ უნდა დაამტკიცოს და პრეზიდენტმა მოაწეროს ხელი.

რუსეთის სასამართლოები "ფეიკებად" მიიჩნევენ უკრაინაში ომის შესახებ ცნობებს, რომლებიც არ ემთხვევა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ვერსიას.

OVD-Info-ს დაანგარიშებით, რუსეთში ომის საწინააღმდეგო პოზიციისთვის საქმეები აღძრეს მინიმუმ 830 პირის მიმართ, მათ შორის მინიმუმ 250 - რუსეთის არმიის შესახებ "ფეიკების" მუხლით.

XS
SM
MD
LG