Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანელი დეპუტატის თანაშემწე შესაძლოა, რუსეთის სპეცსამსახურების აგენტი იყოს


გერმანიის პარლამენტის შენობა ბერლინში
გერმანიის პარლამენტის შენობა ბერლინში

გერმანიის პარლამენტის დეპუტატის, მემარჯვენე-პოპულისტური პარტიის, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ წევრის, ოიგენ შმიდტის თანაშემწეს, სავარაუდოდ, კავშირი აქვს რუსეთის უშიშროების ფედერალურ სამსახურთან. გამოცემების, The Insider-ის და Spiegel-ის გამოძიების თანახმად, შმიდტის თანაშემწე ვლადიმირ სერგიენკოს მჭიდრო კონტაქტი აქვს რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ოფიცერთან.

უკრაინაში დაბადებულმა რუსმა პოლიტტექნოლოგმა ვლადიმირ სერგიენკომ გერმანიის მოქალაქეობა 2022 წლის ნოემბერში მიიღო. მას, სავარაუდოდ, აქვს რუსეთის მოქალაქის პასპორტიც.

ჯერ კიდევ 2023 წლის ზაფხულში Spiegel-ი წერდა, რომ სერგიენკო მოსკოვში ერთ-ერთ პირთან განიხილავდა უკრაინისთვის გერმანული ტანკების მიწოდების შენელების საკითხს. The Insider-ის მიერ 2024 წლის 1 თებერვალს გამოქვეყნებული მასალის თანახმად, ეს პირი რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ოპერატიული ინფორმაციის დეპარტამენტის მე-9 სამმართველოს პოლკოვნიკი ილია ვეჩტომოვია. ეს სამმართველო უკრაინის საკითხებითაა დაკავებული.

The Insider-ის შეფასებით, სერგიენკოს საქმიანობა აქტიური და ეფექტიანი იყო. მაგალითად, მან მიაღწია, რომ პარტიის, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ საპარლამენტო ფრაქციამ ფედერალურ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა(2023 წლის ივლისში) უკრაინისთვის ტანკების მიწოდების შესაჩერებლად. ასევე, ორგანიზება გაუწია ამ პარტიის წევრი დეპუტატების გამოსვლებს, რომელთა ტექსტებიც შეთანხმებული ჰქონდა თავის კურატორთან რუსეთის უშიშროების სამსახურში.

Spiegel-ის ინფორმაციით, ბერლინის სენატის შინაგან საქმეთა სამმართველო მოითხოვს, რომ ვლადიმირ სერგიენკოს ჩამოერთვას გერმანიის მოქალაქეობა. თავად სერგიენკომ გამოცემას განუცხადა, რომ რუსეთთან მისი კავშირები ჭორია. დეპუტატმა შმიდტმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ არ აპირებს უპასუხოს თანაშემწის მიმართ მტკიცებულებების გარეშე არსებულ ეჭვებს. სერგიენკოს საქმიანობას იკვლევს გერმანიის პარლამენტის ადმინისტრაცია, რომელმაც დეპუტატის თანაშემწის მოწმობა დროებით დაუბლოკა.

„ალტერნატივა გერმანიისთვის“ ქვეყანაში პოპულარობით მეორე პარტიაა ქრისტიან-დემოკრატების და ქრისტიან-სოციალური კავშირის კონსერვატიული ბლოკის შემდეგ. 2024 წლის იანვარში გაიმართა საპროტესტო აქციები ამ პარტიის აკრძალვის მოთხოვნით. მასობრივი პროტესტის მიზეზად იქცა მედიით გავრცელებული ინფორმაცია, რომ პოტსდამის მახლობლად გამართულ შეხვედრაზე მემარჯვენე ექსტრემისტები და პოლიტიკოსები პარტიიდან „ალტერნატივა გერმანიისთვის" განიხილავდნენ იმიგრანტების მასშტაბური დეპორტაციის გეგმას.

გერმანული ტელეკომპანია ARD-ს და გამოცემა Die Welt-ის დაკვეთით ჩატარებული სოციოლოგიური გამოკითხვით, რომლის შედეგები 1 თებერვალს გამოქვეყნდა, პარტიას „ალტერნატივა გერმანიისთვის“ მემარჯვენე-ექსტრემისტულად მიიჩნევს გერმანელების ორი მესამედი. ამასთან, პარტიის აკრძალვის პროცედურის დაწყებას ემხრობა მხოლოდ 37%.

XS
SM
MD
LG