Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

CIA-ს ყოფილ პროგრამისტს 40 წლით პატიმრობა მიუსაჯეს „ვიკილიკსისთვის“ მონაცემების გადაცემისთვის


აშშ-ის სასამართლომ 40 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) ყოფილ პროგრამისტ ჯოშუა შულტეს, რომელიც ბრალდებულია ინტერნეტპორტალ „ვიკილიკსისთვის“ კლასიფიცირებული მონაცემების გადაცემისა და ბავშვთა პორნოგრაფიის შენახვისთვის.

სასამართლომ შულტე დამნაშავედ ცნო ჯაშუშობასთან, კომპიუტერულ ჰაკერობასთან, სასამართლოს შეურაცხყოფასთან, FBI-ისთვის ცრუ ჩვენების მიცემასა და ბავშვთა პორნოგრაფიასთან დაკავშირებული დანაშაულების ჩადენაში.

ამერიკელმა პროკურორებმა 35 წლის შულტესთვის სამუდამო პატიმრობა მოითხოვეს. მათ პროგრამისტის ქმედებებს უწოდეს „საიდუმლო ინფორმაციის ყველაზე დიდი არაავტორიზებული გამჟღავნება" აშშ-ის ისტორიაში, ხოლო თავად მონაცემების გაჟონვას - „ყველაზე დიდი CIA-ს ისტორიაში."

განაჩენის თანახმად, შულტემ CIA-ს საიდუმლო მასალები გადასცა საერთაშორისო პორტალ „ვიკილიკსს“, რომელიც აქვეყნებს ე.წ. გაჟონვისა და ანონიმური წყაროების გზით მიღებულ მონაცემებს. 2017 წელს „ვიკილიკსმა“ გამოაქვეყნა მასალების სერია იმის შესახებ, თუ როგორ აკონტროლებდა CIA უცხოელ პოლიტიკოსებს, სავარაუდო ექსტრემისტებსა და სხვებს, მათი კომპიუტერული ქსელებისა და ელექტრონიკის, მათ შორის „ჭკვიანი ტელევიზორების“ გატეხის საშუალებით.

პროკურორებმა ასევე დაადგინეს, რომ შულტე სექსუალური ძალადობის ამსახველ ათასობით დაშიფრულ სურათსა და ვიდეოს ინახავდა. ისინი აღმოაჩინეს CIA-ს მონაცემთა გაჟონვის გამოძიების დროს.

2010 და 2011 წლებში ინტერნეტპორტალმა „ვიკილიკსმა“ გამოაქვეყნა ათასობით კლასიფიცირებული სამხედრო და დიპლომატიური შინაარსის დოკუმენტი, რის გამოც მის დამფუძნებელს, ჯულიან ასანჟს აშშ-ში შესაძლოა, 175 წლამდე პატიმრობა დაემუქროს.

აშშ-ში ასანჟს საერთო ჯამში წაყენებული აქვს 18 ბრალდება, მათ შორის ჯაშუშობის შესახებ კანონმდებლობის დარღვევაში, რაც WikiLeaks-ის მიერ ამერიკის სხვადასხვა უწყების საიდუმლო დოკუმენტების გამოქვეყნებას უკავშირდება. პროექტი აქვეყნებდა იმ დოკუმენტებსაც, რომლებიც, როგორც იტყობინებიან, რუსეთის ჰაკერებმა მოიპოვეს აშშ-ის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევის კამპანიის ფარგლებში, მაგრამ ბრალდებები თავად არჩევნებში ჩარევას არ უკავშირდება.

ასანჟის მომხრეები მას გამომძიებელ ჟურნალისტად მიიჩნევენ. გუშინ „რეპორტიორები უსაზღვრებოდ" გამოვიდა მოწოდებით, გაათავისუფლონ WikiLeaks-ის დამაარსებელი.

XS
SM
MD
LG