Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ევროკავშირის პრიზის" გამარჯვებულები ცნობილია


"ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში 2023"
"ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში 2023"

დღეს, 2 თებერვალს, გაიმართა კონკურსის, „ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში 2023", რიგით მეთორმეტე დაჯილდოების ცერემონია.

გამარჯვებულები დააჯილდოვეს ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ და საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა ტიბორ კოზმამ.

წელს პრიზები 7 საპრიზო კატეგორიაში გაიცა.

  • საუკეთესო სტატია ბეჭდურ ან ელექტრონულ მედიაში;
  • საუკეთესო სიუჟეტი სამაუწყებლო ან ელექტრონულ მედიაში;
  • საუკეთესო საგამოძიებო სტატია ან სიუჟეტი ბეჭდურ, ელექტრონულ ან სამაუწყებლო მედიაში;
  • საუკეთესო ბლოგი, საავტორო სტატია, სვეტი ბეჭდურ, ელექტრონულ ან სამაუწყებლო მედიაში;
  • ევროკავშირის ფასეულობების ამსახველი საუკეთესო დოკუმენტური ფოტო;
  • საუკეთესო სტუდენტური ნაშრომი ბეჭდურ, სამაუწყებლო ან ონლაინ მედიაში;
  • ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სპეციალური პრიზი მშვიდობის ჟურნალისტიკაში.

წელს პრიზი არ გაიცა ნომინაციაში „ყველაზე ორიგინალური და ინოვაციური ნაშრომი ბეჭდურ, ელექტრონულ ან სამაუწყებლო მედიაში“ - ვერ დაკმაყოფილდა ამ კატეგორიისთვის დაწესებული კრიტერიუმები.

ნომინაციაში საუკეთესო სტატია ბეჭდურ ან ელექტრონულ მედიაში, გამარჯვებულია რადიო თავისუფლების ჟურნალისტი ლანა კოკაია სტატიისთვის, „როგორ ვიმუშავე ქსელურ მარკეტში და რა გავიგე დასაქმებულთა უფლებებზე“.

ნომინაციაში საუკეთესო სიუჟეტი სამაუწყებლო ან ელექტრონულ მედიაში, გაიმარჯვა ტელეკომპანია "ფორმულის" ჟურნალისტმა სესილი ბოჭოიძემ. ამავე ნომინაციის ფინალისტი იყო რადიო თავისუფლების ჟურნალისტი თორნიკე მანდარია ვიდეოთი „მოპარული ბავშვები“.

საუკეთესო საგამოძიებო სტატიისთვის ან სიუჟეტისთვის ბეჭდურ, ელექტრონულ ან სამაუწყებლო მედიაში, პრიზი გადაეცა რადიო თავისუფლების ჟურნალისტ გიორგი მგელაძეს მასალისთვის, „ორი გვარი, ორი რელიგია - ლევან მამალაძისა და ლუგანსკელი სეპარატისტების ამბები“.

ნომინაციაში საუკეთესო ბლოგი, საავტორო სტატია, სვეტი ბეჭდურ, ელექტრონულ ან სამაუწყებლო მედიაში, პრიზი გადაეცა გამოცემა "ინდიგოს" ავტორს, მარიამ ნატროშვილს.

ევროკავშირის ფასეულობების ამსახველი საუკეთესო დოკუმენტური ფოტოს ნომინაციაში გაიმარჯვა ფოტოგრაფმა ზურაბ ცერცვაძემ.

საუკეთესო სტუდენტური ნაშრომისთვის ბეჭდურ, სამაუწყებლო ან ონლაინ მედიაში, ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში გადაეცა გამოცემა "ინდიგოს" ავტორს, ანასტასია ბახტურიძეს.

ნომინაციაში, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სპეციალური პრიზი მშვიდობის ჟურნალისტიკაში, გაიმარჯვეს სტუდია "რეს" ჟურნალისტმა მამუკა ყუფარაძე და მისმა თანაავტორმა მადინა გაგლოევამ.

პირველ 6 კატეგორიაში გამარჯვებულები მიიღებენ ფულად ჯილდოს, ხოლო ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სპეციალური პრიზის მფლობელი პროფესიული მივლინებით ერთი თვით გაემგზავრება „ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის" სათავო ოფისში, ლონდონში.

საკონკურსო ნაშრომები განიხილა ოთხკაციანმა ჟიურიმ.

XS
SM
MD
LG