Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოკუპირებულ ჯავის რაიონში, სამ კვირაზე მეტია, სოფელი კოზი გარესამყაროსაა მოწყვეტილი


სოფელი კოზი
სოფელი კოზი

ოკუპირებულ ჯავის რაიონში სამ კვირაზე მეტია, ადგილობრივი კომუნალური სამსახურის თანამშრომლები გარესამყაროს მოწყვეტილი სოფლისკენ გზის გაწმენდას ვერ ახერხებენ. ამის მიზეზი დიდთოვლობა და გაუმართავი ტექნიკაა.

ოსურ მედიაში სოფელ კოზის გზის ჩაკეტვის შესახებ პირველი ინფორმაცია იანვრის შუა რიცხვებში გაჩნდა. დაბა კვაისას კომუნალური სამსახურის უფროსი მაშინ ირწმუნებოდა, რომ გზას რამდენიმე დღეში გაწმენდდნენ და ადგილობრივ მოსახლეობას, რომელსაც პროდუქტების დეფიციტი ქონდა, დაეხმარებოდნენ. მას შემდეგ კიდევ ორ კვირაზე მეტი გავიდა.

ოსურ მედიასთან საუბარში, ვადიკ კაჩმაზოვი ამბობს, რომ ტრაქტორი, რომელიც გზას წმენდდა რამდენჯერმე გაფუჭდა, რამაც სამუშაოების შეფერხება გამოიწვია.

„ამჟამად გზაზე ორი ერთეული ტექნიკაა განლაგებული, მაგრამ მათ გზის წმენდა მაინც უჭირთ, რადგან დიდი რაოდენობით ნალექი იყო. ერთ დღეს გამოგვიგზავნიან დამატებით ტრაქტორს, რომელიც დაგვეხმარება სამუშაოს დასრულებაში“, - განაცხადა კაჩმაზოვმა, საინფორმაციო სააგენტო „რეს“-თან საუბრისას.

მისივე თქმით, გზა კიდევ 4-5 დღით ვერ გაიხსნება, მაგრამ თუ ამ დღეებში თოვლი ისევ მოვიდა, სამუშაოები უფრო მეტად გაჭიანურდება. კაჩმაზოვმა ისიც თქვა, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში, იქ მცხოვრებ მოქალაქეებთან კავშირს ინარჩუნებს და მათგან იცის, რომ უკვე გაუთავდათ საკვები პროდუქტები, რომლებსაც გზის გაწმენდისთანავე მიაწვდიან. ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში, განსაკუთრებით მთიან ზონაში, დიდთოვლობამ არაერთი პრობლემა შექმნა.

მომავალ დღეებში სინოპტიკოსები ამინდის გაუარესებას ელოდებიან. მეტეოროლოგიურ პრობლემებს ისიც ემატება, რომ დე ფაქტო ხელისუფლების განკარგულებაში არსებული მძიმე ტექნიკა ან მოძველებულია, ან მწყობრიდან არის გამოსული. განსაკუთრებით უჭირთ რაიონებში, სადაც თითო-ოროლა ტრაქტორი თუ მოიძებნება. უხვი ნალექის დროს კი არასაკმარისი და დაზიანებული ტექნიკის გამო გზები დროულად ვერ იწმინდება.

XS
SM
MD
LG