Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი შვიდი დრონის ჩამოგდებას იტყობინება, ვოლგოგრადში ხანძარი გაჩნდა მსხვილ ნავთობქარხანაში


საილუსტრაციო ფოტო: ხანძარი ნავთობის საცავში დონეცკში, რუსეთის კონტროლქვეშ მყოფ ტერიტორიაზე. 6 დეკემბერი, 2023.
საილუსტრაციო ფოტო: ხანძარი ნავთობის საცავში დონეცკში, რუსეთის კონტროლქვეშ მყოფ ტერიტორიაზე. 6 დეკემბერი, 2023.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ წუხელ რუსეთის საჰაერო დაცვის ძალებმა გაანადგურეს შვიდი დრონი, რომლებმაც რუსეთის სამ ოლქზე მიიტანეს იერიში. უწყებამ თავდასხმაში უკრაინის შეიარაღებულ ძალებს დასდო ბრალი.

ცნობაში ნათქვამია, რომ ოთხი დრონი ჩამოაგდეს ბელგოროდის ოლქის, ორი - ვოლგოგრადის ოლქისა და ერთი - როსტოვის ოლქის თავზე.

ვოლგოგრადში იერიშის შედეგად ცეცხლი გაუჩნდა ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას.

ვოლგოგრადის ოლქის გუბერნატორის, ანდრეი ბოჩაროვის თქმით, ჩამოგდებული დრონის გამო აალება მოხდა ვოლგოგრადის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში. V1.RU-ის მონაცემებით, ხანძარი გაჩნდა „ლუკოილ - ვოლგოგრადნეფტეპერერაბოტკის“ ქარხანაში. ეს ვოლგოგრადის ოლქში ნავთობპროდუქტების ყველაზე მსხვილი საწარმოა.

საგანგებო სამსახურებში V1.RU-ის წყაროებმა თქვეს, რომ ქარხანა „სერიოზულად დაზიანდა“.

საგანგებო სიტუაციების სამინისტროს რეგიონულ უწყებაში განაცხადეს, რომ ქარხანაში ცეცხლი გაუჩნდა დაღვრილ ნავთობს 300 კვადრატულ მეტრ ფართობზე. რამდენიმე საათის შემდეგ ხანძარი ჩააქრეს.

„არავინ დაღუპულა ან დაშავებულა. მიზეზებს ადგენენ,“ ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

ბელგოროდის ოლქის ხელმძღვანელმა ვიაჩესლავ გლადკოვმა დაწერა, რომ წუხელ ნოვოოსკოლკის საქალაქო ოლქში ამუშავდა საჰაერო დაცვის სისტემა. ჩამოგდებული დრონის ნამსხვრევები ჩამოვარდა ხუტორ პოდოლხიში, რის გამოც დაზიანდა კერძო სახლი და იქვე მდგარი ავტომობილი.

როსტოვის ოლქის გუბერნატორ ვასილი გოლუბევის თქმით, ჩამოგდებულია დრონი, არავინ დაშავებულა, არც არაფერი დაზიანებულა.

გუშინ საღამოს ვორონეჟის ოლქის გუბერნატორმა ალექსანდრ გუსევმა ასევე განაცხადა დრონის ჩამოგდების შესახებ. მისი სიტყვებით, არავინ დაშავებულა. ამასთან, თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში ვორონეჟის ოლქი არ არის ნახსენები.

XS
SM
MD
LG