Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტაივანმა გაამკაცრა რუსეთისა და ბელარუსის წინააღმდეგ სანქციების რეჟიმი


ტაიპეი
ტაიპეი

ტაივანის ეკონომიკის სამინისტრომ iMachine-ის ჩარხების მიმწოდებელი რუსული კომპანია სანქციების სიაში შეიყვანა. მაღალტექნოლოგიური საქონლით მოვაჭრეებისგან მოითხოვეს, რომ მათი გზით რუსეთში მესამე ქვეყნებიდან არ მოხვდეს მათი პროდუქცია. ამის შესახებ ლაპარაკია უწყების განცხადებაში.

სამინისტრომ ჩამოთვალა იმ ქვეყნების სია, რომლებიდანაც საქონელი დიდი ალბათობით შეიძლება გადაგზავნილ იქნეს რუსეთში. მათ შორისაა თურქეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, ცენტრალური აზიის ქვეყნები. რუსეთისა და ბელარუსის წინააღმდეგ მოქმედი სანქციების რეჟიმის დარღვევისთვის პირველი ჯარიმა 15-ჯერ გაიზარდა და მილიონ აშშ დოლარს მიაღწია.

უწყებაში აღნიშნავენ, რომ ამგვარად მოახდინეს რეაგირება პრესაში გამოქვეყნებულ ცნობებზე, რომ ტაივანიდან ჩარხების მიწოდება ხდება რუსეთის სამხედრო მრეწველობისთვის. იანვარში გამომძიებელმა ჟურნალისტებმა აღმოაჩინეს, რომ ტაიპეი რუსეთისთვის ჩარხების ერთ-ერთი უდიდესი მიმწოდებელი გახდა. ადგილობრივი ჩარხები უარესია, მაგრამ ისინი უფრო ხელმისაწვდომია, ვიდრე მათი ამერიკული, ევროპული და იაპონური ანალოგები, ნათქვამია The Reporter-ის პუბლიკაციაში.

გამოცემას მოჰყავს ტაივანის სამრეწველო ასოციაციის ანონიმი თანამშრომლის მონაყოლი, რომელიც 2023 წელს მოწყობილობის გამოფენაზე იმყოფებოდა კონტინენტურ ჩინეთში. ღონისძიება სავსე იყო მყიდველებით რუსეთიდან, რომლებიც მზად იყვნენ, ჩარხები ადგილზე შეეძინათ ნაღდ ფულად, ნათქვამია ტექსტში.

ტაივანი შეუერთდა დასავლურ სანქციებს, რომლებიც რუსეთს დაუწესდა უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ. ნაწილობრივ აღიარებული სახელმწიფო მსოფლიოში მიკროჩიპების ერთ-ერთი უდიდესი ექსპორტიორია. ტაივანის ხელისუფლების მიერ დაწესებული შეზღუდვების გამო რუსეთის მრეწველობა იძულებულია, შავ ბაზარზე ეძებოს ჩიპები.

XS
SM
MD
LG