Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-მა და დიდმა ბრიტანეთმა იემენელ ჰუთებზე ერთობლივი იერიშები განახორციელეს


ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და დიდმა ბრიტანეთმა იემენში ჰუთებზე ხომალდებითა და ავიაგამანადგურებლებით ერთობლივი იერიშები განახორციელეს. დარტყმების სამიზნე სულ მცირე 30 ობიექტი იყო.

აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებით, ამ დარტყმებამდე მათ თავდაცვის მიზნით იერიში მიიტანეს ჰუთების ექვს ხომალდსაწინააღმდეგო ფრთოსან რაკეტაზეც, რომლებიც გასაშვებად იყო მზად. მათი თქმით, ეს რაკეტები საფრთხეს უქმნიდა როგორც აშშ-ის საზღვაო ძალებს, ისე სავაჭრო ხომალდებს.

ჰუთებმა, რომლებსაც ირანი უჭერს მხარს, სავაჭრო გემებზე თავდასხმები მას შემდეგ დაიწყეს, რაც ისრაელმა ღაზის სექტორში სამხედრო ოპერაცია დაიწყო. ომი კი 7 ოქტომბერს ისრაელზე დაჯგუფება ჰამასის ტერორისტულ თავდასხმას მოჰყვა.

იანვარში აშშ-მა და დიდმა ბრიტანეთმა უკვე რამდენიმე სარაკეტო დარტყმა მიაყენეს იემენში ჰუთების ობიექტებს.

ჰუთები აგრძელებენ წითელ ზღვაში, მათ შორის, ამერიკის სამხედრო გემებზე თავდასხმებს - უპილოტო საფრენი აპარატებისა და რაკეტების გამოყენებით.

შეერთებულმა შტატებმა 23 იანვარს სანქციები დაუწესეს ჰუთების, იგივე „ანსარ ალაჰის“ მაღალი რანგის წარმომადგენლებს.

ჰუთები აკონტროლებენ იემენის ტერიტორიის მნიშვნელოვან ნაწილს, მათ შორის, დედაქალაქ სანას.

XS
SM
MD
LG