Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კულტურის სფეროს წარმომადგენლები დეპუტატებს: არ გამოუცხადოთ ნდობა თეა წულუკიანს!


აქცია პარლამენტის უკანა შესასვლელთან მინისტრ წულუკიანის წინააღმდეგ
აქცია პარლამენტის უკანა შესასვლელთან მინისტრ წულუკიანის წინააღმდეგ

საქართველოს პარლამენტში მინისტრობის კანდიდატების საკომიტეტო მოსმენების პარალელურად, კულტურის სფეროს წარმომადგენლებმა პარლამენტთან აქცია გამართეს და დეპუტატებს სთხოვეს, არ გამოუცხადონ ნდობა თეა წულუკიანს კულტურისა და სპორტის მინისტრის პოსტზე.

"მისთვის ნდობის გამოცხადებით თქვენც თანაბარი პოლიტიკური პასუხისმგებლობა დაგეკისრებათ ეროვნული მემკვიდრეობის განადგურებაზე, დამოუკიდებელი ინსტიტუციების ჩამოშლაზე, პროფესიონალთა დევნაზე, ცენზურაზე, ნეპოტიზმსა და კორუფციაზე.

თუ კულტურის სფეროსთვის მის მიერ მიყენებული ზიანის გრძელი ჩამონათვალი თქვენთვის უმნიშვნელოა, გამოიჩინეთ პრაგმატიზმი, რადგან გაზაფხული ცხელი იქნება", - ნათქვამია მეცნიერების და კულტურის სფეროს წარმომადგენელთა მიმართვაში პარლამენტის დეპუტატებისადმი. ამავე მიმართვით ისინი ითხოვენ აუდიტის ჩატარებასაც კულტურის და სპორტის სამინისტროში.

პრობლემები, რომელთა გამოც თვლიან აქციის მონაწილეები, რომ თეა წულუკიანი კულტურის მინისტრი არ უნდა იყოს, მიმართვაში ასეა ფორმულირებული:

  • ნადგურდება გელათი;
  • ნადგურდება არქეოლოგიური ძეგლები;
  • მეცნიერებს არ ეძლევათ პროფესიული საქმიანობის შესრულების შესაძლებლობა;
  • არ წყდება თავდასხმა ხელოვანებზე;
  • კინოცენტრის ბიუჯეტი იფლანგება პარტიის პროპაგანდისტების ბერლინში ვოაიჟისთვის;
  • ფერხდება ლიტერატურული პროცესი;
  • უკანონოდ ათავისუფლებენ დასაქმებულებს და სამინისტრო შრომით დავებს აგებს;
  • სამეცნიერო და სახელოვნებო სფეროებში დარგის სპეციალისტებს ანაცვლებენ პენიტენციური სისტემის კადრებით.

კულტურის მინისტრობის კანდიდატის, თეა წულუკიანის საკომიტეტო მოსმენა დღეს, 5 თებერვალს, 15:00 საათზე გაიმართება. პარლამენტის შენობასთან მის წინააღმდეგ კიდევ ერთი აქციაა დაგეგმილი საღამოს 7 საათზე.

მინისტრთა კაბინეტის წევრების ხელახლა დამტკიცების საჭიროება მას შემდეგ დადგა დღის წესრიგში, რაც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პოსტი დატოვა. ახალი პრემიერისა და მისი მინისტრთა კაბინეტის დამტკიცებამდე, პარლამენტმა უნდა მოისმინოს სამთავრობო პროგრამა და მინისტრობის კანდიდატების ხედვები.

XS
SM
MD
LG