Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სასკოლო კვების დანერგვაზე აქტიური მუშაობა მიმდინარებს - განათლების მინისტრი


გიორგი ამილახვარი, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრობის კანდიდატი
გიორგი ამილახვარი, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრობის კანდიდატი

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრობის კანდიდატმა გიორგი ამილახვარმა პარლამენტში საკომიტეტო მოსმენაზე განაცხადა, რომ 2024 წლის სექტემბრისთვის აღწერილი უნდა იყოს საქართველოს ყველა საჯარო სკოლა იმისთვის, რათა დაიწყოს სასკოლო კვების პროგრამის დანერგვა. მისი თქმით, უკვე დასრულებულია კახეთის რეგიონის სკოლების აღწერა.

„2023 წელს ჩვენ სპეციალური პროგრამა შევქმენით სამინისტროში, სპეციალური მცირე სამსახური ჩამოვაყალიბეთ და დაწყებული გვაქვს უკვე დეტალური აღწერა ყველა სკოლის, მაგალითად, კახეთის რაიონში სრულად დასრულებული გვაქვს და ასე ვაპირებთ. ვცდილობთ, რომ 2024 წლის სექტემბრამდე საქართველოს ყველა, 2084 საჯარო სკოლის, აღწერა მოვახდინოთ და რეალურად დავდოთ სურათი, თუ რომელ სკოლაში რა ფორმით რა დროსაა შესაძლებელი სასკოლო კვების პროექტის დაწყება. ამიტომ ამ კუთხით აქტიური მუშაობა მიმდინარეობს სამინისტროში", - განაცხადა გიორგი ამილახვარმა.

29 იანვარს პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომის შემდეგ, ყველა მინისტრი გადაყენებულად ითვლება. მთავრობის დამტკიცებამდე მინისტრობის კანდიდატებს პარლამენტის კომიტეტებში უსმენენ. მთავრობის დასამტკიცებლად საჭიროა დეპუტატთა უმრავლესობის (76 ხმა) მხარდაჭერა.

არსებული ინფორმაციით, მთელ საქართველოში ბუფეტი საჯარო სკოლების მხოლოდ 25%-ს აქვს. დანარჩენ სკოლებში, მათ შორის, მაგალითად, დედაქალაქის ცენტრში, სასადილოები სკოლებს არ აქვთ. მოსწავლემ ან სახლიდან უნდა გაიყოლოს საკვები, ან ახლომახლო იყიდოს, ან კლასელს სთხოვოს, გაუნაწილოს სახლიდან წამოღებული საჭმელი.

2023 წლის ნოემბრის ბოლომდე სკოლის ბუფეტებში იყიდებოდა ფაქტობრივად ყველაფერი ის, რაც არ უნდა გაყიდულიყო - შოკოლადი, კანფეტი, კრემიანი საკონდიტრო ნაწარმი, არომატიზებული წასახემსებლები, მაგალითად, ჩიფსები, ჟელიბონი, მაიონეზით შეზავებული კერძები.

2023 წლის 27 ნოემბერს, პარლამენტში „მინისტრის საათზე“ მისულმა განათლების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა თქვა, რომ სასკოლო კვების პროგრამის დასანერგად „ნაბიჯების გადადგმა დაწყებულია“. მისი განცხადებით, პრობლემა ფინანსებში კი არა, „საკვების ხელმისაწვდომობაშია“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG