Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბუკინგემის სასახლე: მეფე ჩარლზს კიბოს დიაგნოზი დაუსვეს, მას მკურნალობას უტარებენ


ბრიტანეთის მონარქი, ჩარლზ III
ბრიტანეთის მონარქი, ჩარლზ III

დიდი ბრიტანეთის მეფეს, ჩარლზ მესამეს კიბოს დიაგნოზი დაუსვეს და მან უკვე დაიწყო მკურნალობა - აცხადებს ბუკინგემის სასახლე 5 თებერვალს.

განცხადების თანახმად, კიბო არ უკავშირდება მეფის მიერ ახლახან ჩატარებულ მკურნალობას პროსტატის კეთილთვისებიანი მდგომარეობის გამო. სასახლე არ აკონკრეტებს რა ფორმის სიმსივნე აქვს 75 წლის მონარქს.

"მისმა უდიდებულესობამ დღეს დაიწყო რეგულარული მკურნალობის ციკლი, რომლის დროსაც მას ექიმებმა ურჩიეს გადაედო საჯარო მოვალეობების შესრულება" - აცხადებს ბუკინგემის სასახლე. "ამ პერიოდის განმავლობაში მისი უდიდებულესობა გააგრძელებს სახელმწიფო საქმეებზე და ოფიციალურ დოკუმენტებზე მუშაობას" - დასძენს ის.

განცხადებაში ასევე ვკითხულობთ, რომ ჩარლზს "სრულიად პოზიტიური განწყობა აქვს მკურნალობის მიმართ და მოუთმენლად ელის სრულ დაბრუნებას საჯარო მოვალეობების შესასრულებლად".

ჩარლზი მეფედ 2023 წლის 6 მაისს აკურთხეს ვესტმინსტერის სააბატოში.

ბრიტანეთის ისტორიაში იგი გახდა მონარქი, რომელიც ტახტზე ყველაზე ხანდაზმულ ასაკში ავიდა. მისი დედა, დედოფალი ელისაბედი 96 წლის ასაკში შოტლანდიაში გარდაიცვალა, 2022 წლის 8 სექტემბერს.

XS
SM
MD
LG